
მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველები მიიჩნევენ რომ პრეზიდენტი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს - საუბარია ჯანაშიას საქმეზე მასალების გასაჯაროებაზე, რომლის შესახებ სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტმა მიმართა, თუმცა ის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას არ აპირებს.
ადვოკატების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ქმედება არაკონსტიტუციურია და ეს მორიგი პოლიტიკური სპეკულაციაა.
"მას, რა თქმა უნდა, შეუძლია, მოხსნას გრიფით საიდუმლო დოკუმენტაციას, რომელიც არის მიღებული წინა პრეზიდენტის მიერ. ხელის გაშვერა კანცელარიისკენ, ხელის გაშვერა პრემიერის აპარატისკენ ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება. ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და მას პრემიერი ვერც გრიფს მოხსნის და ვერც მიანიჭებს",- ამბობს ბექა ბასილაია.
უფლებადამცველების თქმით, ჯანაშიას საქმის დეტალების გასაჯაროებით, მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
"როგორ შეიძლება შეფასდეს ეს თუ არა, კიდევ ერთი ცხადი დადასტურება, რომ ეს დოკუმენტები შეიძლება იყოს გასაღები ამ საქმისა და რომ ეს დოკუმენტები ადასტურებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ყველა სხვა მონაწილე პირის უდანაშაულობას ამ საქმეში, სწორედ ამიტომ, მთავრობის ადმინისტრაციამ ისინი მოიპარა, როგორც პრეზიდენტმა დაადასტურა თავად და უკან აღარ აბრუნებს ",- ამბობს შოთა თუთბერიძე.
სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უპასუხა. საუბარია ღია წერილზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტმა მეხუთეს, მიმართა და მოუწოდა, მოხსნას გრიფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების შენახვის საქმის წარმოებას ახორციელებდა უშიშროების საბჭოს აპარატი, რომელიც 2018 წელს გაუქმდა. ამის შემდეგ კი უშიშროების საბჭოს სამართალმემკვიდრედ განისაზღვრა საქართველოს მთავრობა, შესაბამისად ეს დოკუმენტები გადაგზავნილია მთავრობის ადმინისტრაციაში.