
რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას "ლელო საქართველოსთვის" ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს უკრაინის ტერიტორიტორული მთლიანობის, საერთაშორისო სამართლისა და მინსკის შეთანხმების პირდაპირი და აშკარა დარღვევა.
"ლელო" მიმართავს საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შემუშავდეს რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის მორიგი აქტის დაგმობის თაობაზე.
"რუსეთის გადაწყვეტილება წარმოადგენს მორიგ იერიშს უკრაინის დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე. ეს გადაწყვეტილება ხელაღებით უარყოფს ეროვნული სუვერენულობის და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და თვითგამორკვევის უფლებას. დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიალური მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული იერიში იმეორებს აგრესიის იმ სცენარს, რომელიც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს სუვერენული ტერიტორიისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა 2008 წელს.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიან და მტკიცე პასუხს გასცემს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევასა და უკრაინის წინააღმდეგ დაანონსებულ სამხედრო აგრესიას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების შემოღებისა და უკრაინის უსაფრთხოების განმტკიცების გზით", - წერია პარტიის განცხადებაში.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.