ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, ჯონ ჰერბსტი "მთავარ არხთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დღეს მიღებული სანქციები სუსტი და სასაცილოა.
"ცხადია, რომ ეს არის სერიოზულ ესკალაცია კრემლის მხრიდან. მოსკოვის მიერ კიდევ უფრო უხეშად იქნა დარღვეული უკრაინის სუვერენიტეტი მარიონეტული ერთეულებისათვის ე.წ. დამოუკიდებლობის მინიჭებით და ეს საჭიროებს შეერთებული შტატებისა და მოკავშირე ძალების მხრიდან ძლიერ საპასუხო ქმედებებს. ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დღეს მიღებული სანქციები არის სუსტი, სასაცილოც კი. ადმინისტრაციის თქმით, ევროპელებთან კონსულტაციის შემდეგ, ისევ იგეგმება სანქციების ახალი ტალღა, თუმცა პირდაპირ რომ გითხრათ, ამ სანქციებზე სამუშაოდ 3 თვე ჰქონდა ადმინისტრაციას და სცენარი მზად უნდა ყოფილიყო მოსკოვის მხრიდან მსგავსი პროვოკაციის საპასუხოდ", - თქვა ჯონ ჰერბსტმა.
მისივე განცხადებით, შესაძლებელი იყო მოსკოვისთვის "მტკივნეული სანქციები" მანამ დაეწესებინათ, სანამ პროვოკაციულად ათასობით სამხედროს უკრაინის საზღვრებთან განალაგებდა:
"მე ნამდვილად ვხედავ ღირებულებას იმაში, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულიყო მტკივნეული სანქციები იქამდე, ვიდრე პროვოკაციულად, ათი ათასობით რუსი სამხედრო განლაგდა უკრაინის საზღვარზე. ეს რომ თუნდაც 2 კვირის წინ გაკეთებულიყო, პუტინი მიხვდებოდა, რომ მას შფოთვის საფუძველი აქვს. ამის არშესრულება კი დიახ, ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იყო, მაგრამ პრეზიდენტის დღევანდელი საპასუხო ნაბიჯები პუტინის გადაწყვეტილების საპირწონედ, კიდევ უფრო დიდი ხელიდან გაშვებული შანსია", - ამბობს ის "მთავარ არხთან".
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.