
პარტია "დროა" გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას და ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში "მშვიდობის დამყარების" მიზნით სამხედრო ძალის გაგზავნის ბრძანებას. ისინი საქართველოს ხელისუფლება მოუწოდებენ შეუერთდეს თავისუფალი სამყაროს ერთიან პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინის გუშინდელი სიტყვა წარმოადგენს ღია განაცხადს რუსეთის იმპერიის აღდგენის შესახებ, რომელიც ნათელს ჰფენს რუსეთის მიერ წარსულში განხორციელებული აგრესიის რეალურ მიზანს, აგრეთვე, მკაფიოს ხდის კრემლის მოქმედების სამომავლო ტრაექტორიას.
"დღეს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ოთხი წლის შემდეგ, ვაცხადებთ, რომ ქართველმა ხალხმა კარგად იცის რუსეთის აგრესიის ადამიანური ფასი. ჩვენ განუხრელად ვუჭერთ მხარს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, რეგიონის დემოკრატიული სახელმწიფოების შეუვალ უფლებას, გახდნენ ევროკავშირისა და ნატოს წევრი.
მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, გამოიყენონ პერსონალური, აგრეთვე ეკონომიკური, ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, როგორც მყისიერი, ქმედითი და ერთიანი პასუხი კრემლის აგრესიაზე. ასევე, გაგრძელდეს უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდება.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეუერთდეს თავისუფალი სამყაროს ერთიან პოზიციას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, რაც არა მხოლოდ მორალური, არამედ პრაგმატული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საბოლოო გაწევრიანებისათვის", - წერს "დროა".
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
ამავე თემაზე: