ჯოჯოხეთური სანქციებით გვემუქრებიან, ამას უკვე მივეჩვიეთ - ლავროვი დასავლეთზე

გამოქვეყნდა:


უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ სულ უფრო მკაცრი განცხადებები კეთდება დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ. 

ამ განცხადებებზე უცვლელია რუსეთის ხელისუფლების რიტორიკა. საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ამბობს, რომ აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის სხვა სახელმწიფოები მიზანმიმართულად ებრძვიან და ცდილობენ, ყველა უბედურებაში ისინი დაადანაშაულონ. 

"ამ რეაქციას ველოდებოდით, მიჩვეულები არიან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ყველა უბედურება რუსეთს დააბრალონ და ჩვენ დაგვადანაშაულონ ყველაფერში. მინსკის შეთანხმების ჩაშლაც კი ჩვენ დაგვაბრალეს. დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროპა არ გაჩერდება მანამ, სანამ რუსეთისთვის განკუთვნილ ყველა სადამსჯელო ზომებს არ ამოწურავს. ყველაფრით გვემუქრებიან, მათ შორის ჯოჯოხეთური სანქციებით, ამას უკვე მივეჩვიეთ",- ამბობს ლავროვი.

რუსეთის დუმამ უკვე ერთხმად მოახდინა პუტინის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი