
თქვენი ვაჟკაცობის, თავდადებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, დაიმსხვრა მტრის გეგმები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში, ქალებისა და ბავშვების უკან იმალებოდნენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკრაინის სამხედრო ძალებს მიმართავს.
მიმართვაში ნათქვამია, რომ მტერმა გუშინ "ნამდვილი სახე აჩვენა":
"კრიმინალის სახე, რომელსაც თავისუფალი სამყაროს მძევლად ხელში ჩაგდება სურს, რომელსაც გაცნობიერებული აქვს თავისი დანაშაული და ცდილობს ირგვლივ ყველა დააკავშიროს წრეგადასული მესიჯით. იმიტომ რომ ეშინია. ყოველივე ამის შემდეგ, აუცილებლად დადგება სასჯელი დანაშაულისთვის." ნათქვამია რეზნიკოვის მიმართვაში.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კრემლმა უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარებით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ - "ახალი ვარშავის პაქტით და ახალი ბერლინის კედლით. ერთადერთი, რაც აქედან აშორებს, არის უკრაინა და უკრაინის ჯარი" - აცხადებს რეზნიკოვი
"ჩვენი არჩევანი ძალიან მარტივია - დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახლი, ჩვენი ნათესავები. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა. ახლა ჩვენ დავინახავთ ნამდვილ მეგობრებს გარშემო, რომლებიც უფრო მეტნი გახდებიან. ახლა ის "მეგობრები", რომლებიც ერთ წელზე მეტია კაპიტულაციას გვახვევენ, ვერ დაიმალებიან.
წინ რამდენიმე რთული გამოწვევა გველის. დანაკარგი იქნება. მოგვიწევს ტკივილის გადატანა, შიშის და ღალატის გადალახვა.
მაგრამ გამარჯვება გველოდება. იმიტომ რომ ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ და სიმართლე ჩვენს უკან დგას. უკრაინის ჯარი მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. ხალხის რწმენა არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.
ახლა სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მთელი ძალისხმევა და თავდაცვის გაძლიერებაზეა მიმართული. კერძოდ, პარტნიორების დახმარების მაქსიმალურ ჩართულობაზე, რომელთა ნაწილი უკვე მივიღეთ.
ბევრს ემოციები ქაოსური გადაწყვეტილებებისკენ უბიძგებს. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დაშვებას. ჩვენი ძალა ერთობაში და თავდაჯერებულობაშია.
შევინარჩუნოთ სიმშვიდე.
ძმების ხსოვნისთვის.
მათთვის, ვინც გვიყვარს.
დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!
დიდება უკრაინას!" ნათქვამია ალექსეი რეზნიკოვის მიმართვაში.
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ლუგანსკისა და დონეცკს აღიარების გადაწყვეტილებას გუშინ, 21 თებერვალს მოაწერა ხელი. დღეს, 22 თებერვალს კი დააზუსტა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრები მათ კონსტიტუციაში განსაზღვრულია იმ დროის მონაცემებით, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში შედიოდნენ