
"ისეთივე სანქციები, როგორიც თქვენ დაუწესეთ 2008 წელს?" - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს შეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოს მთავრობა რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
კალაძის თქმით, სანქციებზე მსჯელობა იქნება.
"ამაზე მსჯელობა იქნება და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუ რა გადაწყვეტილება იქნება, მოგაწვდით ინფორმაციას,"- თქვა კალაძემ.
21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის განკარგულება გასცა.
რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გერმანიამ NORD stream 2-ის გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
ამას გარდა, თემთა პალატის სხდომაზე, სანქციების პირველი ნაწილი წარადგინა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. სანქციები ხუთი რუსული ბანკისა და სამი რუსი მილიარდერის წინააღმდეგ ამოქმედდება.
22 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი და 27 იურიდიული და ფიზიკური პირი დაასანქცირა. რუსეთს სანქციები დაუწესა შეერთებულმა შტატებმაც. აშშ-მ პერსონალური, ფინანსური სანქციები დაუწესა პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე ეხება რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.