სოლიდარობა უკრაინას! - თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იწყება. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან.
გეგმის მიხედვით, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით ცოცხალი ჯაჭვი დაიძრება. აქციის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მსგავსია რუსეთის ქმედებებისა საქართველოსთან დაკავშირებით.
"ჩვენ ვართ უკრაინელების გვერდში, ამ ხალხის გვერდში, რომლელბიც სინამდვილეში ჩვენთვის იბრძვიან. მათზე გადატყდა ეს ტვირთი რომ დაივვან მშვიდობა და თავისუფლება. ამიტომ ჩვენი ვალია, სანამ ეს უბედურება ხდება, ვედგეთ მათ გვერდში... ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჰუმანიტარულ დახმარებაზე, უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ჩვენი მთავრობა დგას პრორუსულ ხაზზე და ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ ინიციატივა",- თქვა ელენე ხოშტარიამ.
ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე საქართველოსა და უკრაინის ჰიმნი სრულდება.
ცნობისთვის, უკრაინის მხარდამჭერი აქციები პარალელურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში, გორში, ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.