კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და ახალი სანქციები გამოაცხადა.
"კანადა ცალსახად გმობს რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმას სუვერენულ და დემოკრატიულ უკრაინის სახელმწიფოზე. პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლის, დემოკრატიის, ადამიანის სიცოცხლის თავხედური უგულებელყოფა დიდი საფრთხეა მსოფლიოს უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის", - თქვა მან.
ტრუდოს თქმით, კანადა მკაცრ სანქციებს უწესებს 58 პირსა და სუბიექტს, მათ შორის რუსეთის ელიტის წარმომადგენლებსა და მათ ოჯახის წევრებს.
"ჩვენ სანქციებს დავუწესებთ რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებს, მათ შორის თავდაცვის, ფინანსთა და იუსტიციის მინისტრს. ამას სერიოზული გავლენა ექნება. ის მძიმე ხარჯს დააკისრებს რუსულ ელიტას და შეზღუდავს პრეზიდენტ პუტინის შესაძლებლობას, რომ დააფინანსოს გაუმართლებელი შეჭრა უკრაინაში", - თქვა ტრუდომ.
განცხადებაში ტრუდომ აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა. მისივე თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
"მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ მტკიცე ნაბიჯებს გამოვაცხადებდით და გავაგრძელებთ მის და უკრაინელი ხალხის გვერდში დგომას", - თქვა მან.