"ჩემი ინფორმაციით, კიევში მტრის დივერსანტები შემოვიდნენ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით" | ზელენსკის მიმართვა მოსახლეობას

გამოქვეყნდა:

"ჩემი ინფორმაციით, კიევში მტრის დივერსანტები შემოვიდნენ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მოსახლეობისადმი მიმართვაში საუბრობს.

ძვირფასო მებრძოლებო,

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტრის წინააღმდეგ სამშობლოს მედგრად იცავთ. დღეს რუსეთმა ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიას შეუტია, ჩვენმა ჯარისკაცებმა ბევრი გააკეთეს. ქვეყნის მთელი ტერიტორია დაიცვეს. განსაკუთრებით ის ადგილები, რომლებსაც მტერი თავგამოდებით უტევდა. მაგალითად, კიევის შემოგარენში, ჰოსტომელი. ეს დედაქალაქს კიდევ უფრო დიდ თავდაჯერებულობას მატებს.

სამწუხაროდ, 137 გმირი ჯარისკაცი დავკარგეთ. მათ შორის 10 ოფიცერი. 316 ჯარისკაცი დაიჭრა. ჩვენს კუნძულზე, ზმეინიზე, რომელსაც ჩვენი ბიჭები ბოლომდე იცავდნენ, გმირულად დაეცნენ, თუმცა მტერს არ დანებდნენ. დაღუპულებს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭებათ. სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც უკრაინას თავი შესწირა.

მტერი არამხოლოდ არმიასა და სამხედრო ობიექტებს, არამედ დასახელებულ პუნქტებსაც უტევს. ეს სილაჩრეა, რომელიც არასოდეს გამართლდება. ბევრ ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, მათ შორის თითქოს კიევი დავტოვე. მე ვრჩები კიევში, ჩემი ხალხის გვერდით. ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები უკრაინაში არიან.

ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, მტრისთვის ნომერ პირველი სამიზნე ვარ, ნომერ მეორე კი ჩემი ოჯახი. ჩემი ინფორმაციით, კიევში მტრის დივერსანტები შემოვიდნენ. გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და კომენდანტის საათის წესები დაიცავით.

ბევრი ქვეყნის ლიდერს ვესაუბრე, ისინი მხარს გვიჭერენ. მადლობელი ვარ ყველა ქვეყნის, რომელიც მხარს გვიჭერს, ვიმეორებ მხარს გვიჭერს კონკრეტული საქმეებით და არა სიტყვებით. ჩვენი სამშობლოს დასაცავად ჩვენ მარტო ვართ. ვინ არის მზად ჩვენთან ერთად იბრძოლოს?! სიმართლეს გეტყვით და მოსურნეებს ვერ ვხედავ. ვინ აძლევს უკრაინას NATO-ში გაწევრიანების გარანტიას?! ყველას ეშინია!

დღეს მოსკოვიდან მოვისმინეთ, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტი სურთ. ჩვენი ქვეყნის ყველა მოკავშირეს ვეტყვი - ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება. მე მათ ვეკითხები, ჩვენთან არიან თუ არა?! მეუბნებაინ რომ კი, თუმცა ალიანსში ჩვენი გაწევრიანებისთვის მზად არ არიან.

დღეს ევროპის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს შევეკითხე, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი - ყველას ეშინია, არ მპასუხობენ. ჩვენ არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც რუსეთისა და არ მასთან საუბრის არ გვეშინია. არაფრის არ გვეშინია. არც უსაფრთხოების გარანტიებისა და არც ნეიტრალური სტატუსის, რადგან NATO-ში არ ვართ. მაინტერესებს რა გარანტიები გვექნება და რომელი ქვეყნები მოგვცემენ ამ გარანტიებს?! ჩვენი სამშობლოს ბედი ჩვენს ჯარისკაცებზე, მცველებზეა, ჩვენს არმიაზე, ჩვენს გმირებსა და უსაფრთხოების ძალებზეა დამოკიდებული. ასევე მათ სიბრძნესა და ჩვენი მოკავშირეების დახმარებაზე. დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი