ზელენსკის მიმართვა უკრაინელებს | სრული ვერსია ქართულ ენაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსახლეობას მიმართავს და სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს. 

გავრცელებულ მიმართვაში მათ ქართველებს, დღეს გამართული აქციებისთვის, მადლობა გადაუხადა. 

გთავაზობთ ზელენსკის მიმართვას სრულად: 

დღეს ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე, მაგრამ შედეგიანი დღე იყო. ვიბრძვით აბსოლუტურად ყველა ადგილას, ყველა ფრონტზე და ყველა მიმართულებით, აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით, ყველგან... ასევე დიპლომატიურ ასპარეზზე. 

დღეს ძალიან ბევრ საერთაშორისო ლიდერს ვესაუბრე, მათ შორის მაკრონს, შოლცს, რუტეს, ქალბატონ ვონ დერ ლაიენს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს... მოვახსენე, თუ რა სახის დახმარებას ელოდებიან უკრაინელები დასავლეთისგან და მივიღე ჩვენი სახელმწიფოსთვის ახალი, განსაკუთრებულად დიდი დახმარებებისა და მხარდაჭერის დაპირება. დიდი მადლობა ყველა ლიდერს, განსაკუთრებით პრეზიდენტ ბაიდენს. 

ძალიან მესიამოვნა, როდესაც გავიგე სიახლეები მეგობარი საქართველოსგან. მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კეთილ და მშვენიერ ქართველ ერს, რომელიც გამოვიდა თავისი ქვეყნის ქუჩებში და განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას. თქვენ ნამდვილი მეგობრები ხართ, მადლობა.

ჩვენი მთავარი მიზანი ომის დასრულებაა. მტერს ძალიან, ძალიან დიდი დანაკარგი აქვს. ეს გამოიხატება ასობით დაღუპულ ჯარისკაცში, რომლებმაც გადაკვეთეს ჩვენი საზღვარი და შემოვიდნენ ჩვენს მიწაზე. სამწუხაროდ, დანაკარგი გვაქვს ჩვენც.

უკრაინელები მედგრად დაუდგნენ აგრესიას. მტერს უწევს ძალიან ბევრი დეზინფორმაციის მოფიქრება თავის გასამართლებლად. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ შეფასებაში ისინი არაობიექტურები არიან და მათ არავინ დაუჯერებს. არ დაუჯერებენ უკრაინელები, არ დაუჯერებს მსოფლიო და არ დაუჯერებენ რუსეთის მოქალაქეები. 

შეუძლებელია არსებობდეს სიმართლე, რომელიც გაამართლებს, რატომ ესვრის მტერი საბავშვო ბაღებსა და სახლებს. კიევის ოლქში ქვემეხებით ესროდნენ საბავშვო ბაღებს, სუმის ოლქში ცეცხლი "ურაგანებით" გახსნეს. მათი ბომბების სამიზნე იყო თავშესაფრები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი კორპუსები. 

როგორი ომია ეს, როცა ბავშვებს უხსნიან ცეცხლს... ისინი რა, ნეონაცისტები იყვნენ თუ NATO-ს ჯარისკაცები, რომლებიც რუსეთს განადგურებით ემუქრებოდნენ?! დაღუპული და დაჭრილი ბავშვები აგრესიის შედეგია. ხაზგასმით ვაცხადებ, ყველამ, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია ამ აგრესიის შესაჩერებლად, უნდა გააკეთოს!

ყოველდღიური აგრესია ანადგურებს ნორმალურ ცხოვრებას არამხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში. ევროპელები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, როგორია ცხოვრება, როდესაც გვერდით ასეთი მეზობელი გყავს. 

პირდაპირ ვამბობ, რომ ეს საღამო იქნება უფრო რთული, ვიდრე გუშინ იყო. დარტყმის საფრთხის ქვეშ ჩვენი ბევრი ტერიტორიაა. ჩერნიგოვი, ხარკოვი, სუმი, ჩვენი ბიჭები და გოგოები დონბასში, განსაკუთრებული საფრთხე კი კიევშია. მაგრამ არ შეიძლება დედაქალაქის დათმობა! 

მივმართავ ჩვენს მებრძოლებს: მტერი შეეცდება ყველა ფრონტზე გაგვტეხოს, შეეცდებიან ეს გააკეთონ ლაჩრულად, საზიზღრად და არაადამიანურად. ისინი წამოვლენ შტურმზე. ყველას უნდა გვესმოდეს, რა გველოდება, ამ საღამოს მედგრად უნდა დავდგეთ, უკრაინის ბედი ზუსტად ახლა წყდება. ყოველი მოქალაქე უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად. გევედრებით, დაეხმარეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით კი ხანშიშესულ ადამიანებს. 

მოგმართავთ მათ, ვისაც ახლა განსაკუთრებით გიჭირთ, თავი შეაფარეთ თავშესაფრებს. ყველამ, ვისაც შეგიძლიათ, მაქსიმალურად შეეცადეთ შეაჩეროთ მტერი. სადაც კი შეძლებთ, წაშალეთ გზამკვლევი ნიშნები რომლებიც დივერსანტებმა მტრისთვის დატოვეს, რითიც შეგეძლებათ, დაწვით მტრის ტექნიკა.

თუ მტერი საბავშვო ბაღებსაც არ ითვალისწინებს, გადარჩენის შანსი არც თქვენ უნდა მისცეთ.

ილოცეთ ჩვენი უკრაინისთვის, ილოცეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის. გვჯერა ჩვენი ჯარისკაცების!, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი