ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი Fox News-თან ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს და რუსეთ-უკრაინის ახლანდელ ომთან პარალელებს ავლებს.
"პუტინმა ისეთი რამ გააკეთა უკრაინაში, რაც პირდაპირ გეტყვით, მას საქართველოში არ გაუკეთებია. ვგულისხმობ, რომ საქართველოში კამპანია შედარებით სწრაფი იყო და აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს დილით ვნახე ომის წინააღმდეგ, მასიური პროტესტის ამსახველი ფოტოები საქართველოდან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ შეინარჩუნა ძალაუფლება 2008 წელს. რუსებმა პირადად მე მითხრეს, რომ მათ სურდათ სააკაშვილის წასვლა და მე ვუთხარი, რომ ჩვენ არ გვექნებოდა ფარული მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტის გადაყენებაზე.
მაშასადამე, ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ გადარჩა, არამედ დღეს ქართველებს შეუძლიათ თავისუფლად ჩაატარონ პროტესტი რუსების წინააღმდეგ, მეტყველებს იმაზე, რომ პუტინმა საკუთარ მიზნებს ვერ მიაღწია საქართველოში", - აცხადებს კონდოლიზა რაისი.