"რუსეთისგან საქონლის შეძენა უკრაინელების მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს" | ზელენსკის განცხადება

გამოქვეყნდა:

"რუსეთისგან საქონლის შეძენა უკრაინელების მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

რუსულმა ძალებმა დღეს ხარკოვი არტილერიით საშინლად დაბომბეს. ცალსახად, ეს არის სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. ათობით ჩაწერილი ვიდეო ამტკიცებს, რომ ეს არ არის შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული შეტევაა. რუსებმა იცოდნენ, რა მიმართულებითაც ისროდნენ. ამ დანაშაულისთვის საერთაშორისო ტრიბუნალი აუცილებლად შედგება. ეს არის ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევა.

მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის დახოცვას. აქ უკრაინაა, აქ ევროპაა. ეს 2022 წელია! ბოროტება, შეიარაღებული რაკეტები, არტილერიითა და ბომბებით აუცილებლად უნდა შევაჩეროთ. ეკონომიკურად გაანადგურო და აჩვენო, რომ ხალხს თავის დაცვა შეუძლია. 

სურვილი მაქვს, რომ განიხილონ, რომ სრულიად დაიკეტოს ცა რუსული რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის. 5-დღიანი ომის განმავლობაში, რუსეთმა უკვე 56 სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინაზე. ასევე, 113 ფრთოსანი რაკეტა. აი, როგორია ძმური მეგობრობა! 

მსოფლიომ იცის, როგორ უნდა ვიმოქმედოთ! ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ვესაუბრე. ქვეყანა, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულს სჩადის, შეუძლებელია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი იყოს. ასეთ სახელმწიფოებს უნდა დაუკეტო მსოფლიოში ყველა პორტალი და აეროპორტი. ასეთ ქვეყანას უფლება არ აქვს გამოიმუშაოს მილიონები ექსპორტითა და ენერგორესურსებით. რუსეთისგან საქონელის შეძენა მშვიდობიანი უკრაინელი მოსახლეობის მკვლელობისთვის ფულის გადახდას ნიშნავს. 

მშვიდობისმოყვარე, ამაყო და ძლიერო ხარკოვო - შენ ასეთი იყავი და ყოველთვის ასეთი იქნები! გავუძლებთ ყველაფერს, გავუძლებთ ამასაც! დავიცავთ უკრაინას და დავეხმარებით ყველას, ვინც დაზარალდა არაადამიანური შემოჭრისაგან. ჩერნიგოვი, ოხტირკა, სუმი, გომელი, ვასილკივი, ხერსონი, მარიუპოლი, დონეცკი და ჩვენი სხვა ყველა ადგილი და ქალაქი მშვიდობიან და უსაფრთხო ცხოვრებას მალე ნახავს.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ადამიანების მისამართით, ვინც ამ ომში ოჯახის წევრები დაკარგეს. სამუდამო ხსენება დაღუპულებს! სამუდამო დიდება თითოეულს, ვინც ჩვენს ქვეყანას იცავს! 

სანამ მოგმართავთ, მანამდე მინდა გითხრათ, რომ ჩვენს 12 მებრძოლს უკრაინის გმირის წოდება მივანიჭეთ...

რაც შეეხება ჩვენს მშვენიერ დედაქალაქს, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მშვენიერი ქვეყანა და ჩვენი უსაფრთხოება. მტრისთვის კიევი მნიშვნელოვანი სამიზნეა. მათ უნდათ, რომ ჩვენი ეროვნული სახელმწიფო გადატეხონ. ამის გამო, ჩვენი დედაქალაქი მუდმივი საფრთხის ქვეშაა... ჩვენ მათ არ ვაძლევთ დედაქალაქის აღების უფლებას, ამიტომ გვიგზავნიან ასობით დივერსანტს, თუმცა ჩვენ ყველას ვპოულობთ... 

არსებული მდგომარეობის გამო ჩამოვაყალიბეთ საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ქალაქში სულ პატრულირებს და ადამიანებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტებსა და საკვებს აწვდის. ასევე, იცავენ ქალაქის უსაფრთხოებას.

დღეს რუსეთის ინიციატივით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი გაიმართა. ეს მოლაპარაკებები ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი ქალაქების დაბომბვის ფონზე მიმდინარეობდა. შესამჩნევი იყო მოლაპარაკების პროცესისა და სროლების სინქრონიზაცია. ვფიქრობ, რომ ასეთი ცბიერი მოქმედებებით რუსეთი გამოძრომას ცდილობს. დროს ნუ დაკარგავთ, მსგავს ტაქტიკას ჩვენ არ მივიღებთ! სამართლიანი მოლაპარაკებები შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, როცა ერთი მხარე მეორეს მოლაპარაკებების მიმდინარეობის მომენტში არ ბომბავს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შედეგები, რომლის მიღებაც გვსურს. 

რუსეთმა გაახმოვანა თავისი პოზიციები, ჩვენ კიდევ შემხვედრი პუნქტები მოვახსენეთ. ომის დასასრულებლად გარკვეული სიგნალი მივიღეთ. როდესაც დელეგაცია კიევში ჩამოვა და განვიხილავთ, მოვისმენთ, გავაანალიზებთ და შემდეგ ვიფიქრებთ, როგორ გადავიდეთ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე. 

მნიშვნელოვანი რამ, რაც მინდა გითხრათ. ამას 30 წელი ველოდებოდი. დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ჩვენ ავირჩიეთ ჩვენი უფლება, ვიყოთ ევროპელებთან ერთად, თანასწორუფლებიანები. ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე ბრიუსელშია. განაცხადი ოფიციალურად დარეგისტრირდა. 

დრო დადგა! დიდება უკრაინას! - აცხადებს ზელენსკი.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი