ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების შეფასებას მმართველი პარტია არ ჩქარობს. გიორგი გაბუნიას 7 ივლისის ხმაურიანი ეთერისგან განსხვავებით, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ოპერატიულად დაგმო ჟურნალისტი პუტინის გინების გამო და რუსთავი 2-ის შენობასთან ე.წ. ტიტუშკების აქცია სასწრაფოდ დაგეგმა, ამჟამად "ოცნება" კომენტარებს ჯერ არ აკეთებს.
მთავრობის წევრები მადლობას უხდიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ მათ საზოგადოებაში პანიკის გამოწვევის გარეშე და ოპერატიულად იმოქმედეს. შეკვეთილი მკვლელობის საქმეში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობისა და გიორგი გაბუნიას მკვლელობის მზადებისთვის ქვეყანაში რუსეთის მოქალაქის ყოფნის თაობაზე ისინი კომენტარს არ აკეთებენ.
არ ვიცი, მართალი გითხრათ, ეს საკითხი ბოლომდე. ეხლა ისტერია მე მგონი, გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ და ამიტომ ვერ გეტყვით, რასთან გაქვს საქმე. არავითარი საფუძველი არ მაქვს {უსაფრთხოების სამსახურის} ჩავარდნა დავუძახო იმ ფაქტს, რომელზეც სრული ინფორმაცია არ მაქვს, - ამბობს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში რუსული სპეცსამსახურების გავლენის ზრდა საკმაოდ საგრძნობია, ამის მაგალითია აფგან მუხტარლის საქმეც. ოპოზიციის წევრები ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისა და გამოძიების სრულყოფილად ჩატარებისკენ მოუწოდებენ.
სამწუხაროდ, მთელი ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლის შედეგად და რუსული გავლენების გაძლიერების შედეგად ჩვენ მივედით იმ მოცემულობამდე, რომ პუტინი, კადიროვი რუსეთის მოქალაქეს აგზავნის საქართველოში, რომ მოახდინოს ერთ-ერთი გამოჩენილი ჟურნალისტის მკვლელობა. ეს არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი შერყევა სახელმწიფო უსაფრთხოების მექანიზმის და არ მომერიდება და ვიტყვი, რომ სუვერენიტეტის, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე.
მისი თქმით, რომ არა საქმეში მეგობარი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩარევა, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარება შეიძლებოდა შექმნილიყო.
საქართველოში ფაქტობრივად გადადგილდებიან ადამიანები, რუსეთის ჯაშუშები და მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის დაკვეთა რუსეთის ფედერაციიდან, ბევრი შემთხვევაა, როდესაც რეალკურად კადიროვი ასრულებს პუტინის დავალებას. იმედი გვაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე, - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბიკოვი დააკავა, რომელიც არსებული ინფორმაციით საქართველოში გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მიზნით იმყოფებოდა. ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა რამზან კადიროვის დაკვეთილი იყო. სუს-მა დაადასტურა გაბუნიას მკვლელობის მცდელობის მზადების ფაქტი, მხოლოდ მას მერე, რაც ეს ინფორმაცია "მთავარი არხის" ეთერში გაჟღერდა.