
Maxar Technologies-ის მიერ ორშაბათს საღამოს გამოქვეყნებული სატელიტური სურათები აჩვენებს 40+ მილის სიგრძის რუსული სამხედრო მანქანების კოლონას, რომელიც კიევის ჩრდილო-დასავლეთ გზებზეა განთავსებული.
ფოტოებზე ჩანს ასობით ტანკი, არტილერია, ჯავშანტექნიკა და ლოგისტიკური მანქანები. CNN წერს, რომ კოლონა მასიურია და მეტყველებს იმ სამხედრო ძალაზე, რომელიც რუსეთმა მოაგროვა კიევის აღების მიზნით.
ფოტოები, ასევე, აჩვენებს ბელარუსის აქტიურ მხარდაჭერას შეჭრის კუთხით და მის პასუხისმგებლობას, რადგან ამ სამხედრო ძალას რუსები მისი ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერ შეაგროვებდნენ.
CNN წერს, რომ ადვილი მისახვედრია საიდან მოვიდნენ ისინი, რადგან კიევის ჩრდილო-დასავლეთით, ყველა გზა ბელარუსში მიდის.
ცნობილია ისიც, რომ უკრაინაში შეჭრამდე რუსეთი ძალებს ბელარუსში აგროვებდა და უკრაინაში სწორედ "სამხედრო წვრთნების გახანგრძლივების" შემდეგ შევიდა.
CNN-ის ცნობით, სატელიტურმა სურათებმა აჩვენა, რომ რუსეთმა ააგო პონტონური (ნავტიკის ხიდი) ხიდი, მდინარე პრიპიატზე ჩერნობილის ზონაში, რომელიც მოიცავს უკრაინასა და ბელარუსს. იმ დღეს, როდესაც უკრაინაში შეჭრა დაიწყო, დამატებითმა სატელიტურმა სურათებმა Capella Space-დან აჩვენა, რომ რუსეთმა დაიწყო ათობით სამხედრო მანქანის გადაადგილება ამ ხიდზე.