
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური რუსეთის მხრიდან, ყალბი ინფორმაციების გავრცელებას აანონსებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
სბუ-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ოკუპანტი დეზინფორმაციული კამპანიისთვის ემზადება და გეგმავს აქტიურად გაავრცელოს ყალბი ცნობები თითქოს, უკრაინის ხელისუფლება "ქვეყანა დათმო":
"ეს დეზინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს ყველა შესაძლო არხით. მაგრამ იცოდეთ - ეს ყალბია! მისი მიზანი - დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების გატეხვა და ჩვენი ჯარის დანებება!“ - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კავშირი გაწყდება და შეუძლებელი იქნება ამ ინფორმაციების გადამოწმება, მოსახლეობა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ "კაპიტულაცია და უკრაინის ინტერესების დათმობა შეუძლებელია!".
გარდა ამისა, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო იტყობინება, რომ ხერსონში იღებდნენ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ვიდეოს, იმის დემონსტრირებისთვის, თითქოს "კიევში ხელი მოეწერა ჩაბარებას".
"აშკარაა, რომ ხალხი, ვინც იცის საინფორმაციო ომის შესახებ, არ დაიჯერებს. მაგრამ ყველა არ არის დაცული პროპაგანდისგან", - ამბობს ჟურნალისტი.