რამდენიმე საათის წინ გავიგეთ რომ კონოტოპის სიახლოვეს, ჩვენმა ბიჭებმა რუსული კოლონა გაანადგურეს. დაბომბვისგან რუსი ჯარისკაცები მიწაში არიან ჩამარხულები. მას შემდეგ რაც გავიმარჯვებთ და ომი დასრულდება, მათ ცხედრებს ამოვთხრით და დედებს უკან დავუბრუნებთ. ასევე კონოტოპის მეორე მხარეს რუსული შენაერთები არიან და მათაც იგივე ელოდებათ - აცხადებს უკრაინული ქალაქის, კონოტოპის მერი, "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში და გუშინდელ შემთხვევას იხსენებს, როდესაც ოკუპანტებმა ულტიმატუმი წაუყენეს:
გუშინ ჩემთან რუსული შენაერთების მეთაური, გრიზლოვი მოვიდა და ულტიმატუმი წამომიყენა. რა თქმა უნდა როგორც რუსული გემი - ისიც ამ გემის მიმართულებით გავაგზავნე. შემდეგ ქუჩაში მოქალაქეებთან გავედი და არსებული ვითარება მოვახსენე. ვუთხარი რომ მე ბოლომდე ბრძოლას ვაპირებდი. შედეგიც სახეზეა. მტერი განადგურებულია. ქალაქი არ დავთმეთ. როგორც ჩვენ ასევე თითქმის ყველა ქალაქში ჩვენი ბიჭები მედგრად დგანან და მტერს ანადგურებენ. რუსმა მაროდიორებმა თითქმის ყველა მაღაზია გაქურდეს და გაძარცვეს. ქუჩებში მთვრალი ოკუპანტები დადიან. ხალხს გარეთ გამოსვლის ეშინია, თუმცა არმიის გვერდზე მედგრად დგანან და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. " ამბობს არტიომ სემენიხინი
კონოტოპის მერის თქმით, კარგად იცნობს მიხეილ სააკაშვილს, მეგობრობს მასთან და ამბობს, რომ ხედავს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, თუმცა მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს ახლა ხელისუფლებაში ეს მხარდაჭერა გაცილებით დიდი იქნებოდა:
"კარგად ვიცნობ მიხეილ სააკაშვილს. ვმეგობრობთ. ერთად ბევრი გვიმუშავია. ასევე კარგად ვიცი უკრაინული რაზმის მიერ ქართულ ბრძოლებში მონაწილეობისა და საქართველო ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში შეტანილი წვლილის შესახებ. ყოველდღე ვხედავ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. უბრალო მოქალაქეების მხარდაჭერას.
ჩემი პირადი მოსაზრებაა და ვიტყვი, დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში მიხეილ სააკაშვილი რომ იდგეს, სულ სხვა მხარდაჭერა იქნებოდა. დღეს საქართველოს ხელისუფლებაში ნაძირლები, არიან, რომლებიც ქართველებმა დაუყონებლივ უნდა მოიშორონ. მოსახლეობამ ეს ადამიანები უნდა გამოიყვანოს პარლამენტიდან, პრეზიდენტი სასახლიდან და მინისტრთა კაბინეტიდან. დღეს საქართველოს მთავრობის წევრები პუტინს 30 ვერცხლად მიეყიდნენ. მათ არა უკრაინას, არამედ საქართველოს უღალატეს. უკრაინაში რუსეთის დამარცხება, საქართველოს ინტერესებში შედის. რუსეთის დამარცხება აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებას ნიშნავს. თქვენი დღევანდელი მთავრობა ქვეყნის წინაშე დანაშაულს ჩადის. ქართველი ერი ბრძენია და მალე ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს. თქვენი პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის წევრები, სამშობლოს ღალატისთვის სამუდამოდ ციხეში უნდა გამოკეტო, რადგან თქვენი მთავრობის ქმედება, არა უკრაინის, არამედ საქართველოს წინაშე ჩადენილი დანაშაულია." ამბობს კონოტოპის მერი, არტიომ სემენიხინი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.