
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ახლა ვლადიმერ პუტინი მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, არ იცის როგორ შეიძლება ეს პუტინის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აისახოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის ქვეყნებს ორიენტაციას ვერ შეაცვლევინებს.
ამ თემაზე პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა:
"დღეს ჩვენ შევიტანეთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე, ისევე როგორც მოლდოვამ და მანამდე უკრაინამ. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერი ტრიო ერთი და იმავე გზას მიჰყვებიან, ასე რომ, პუტინს შეუძლია ქვეყნების დაშინება, თუმცა ვერ შეაცვლევინებს ორიენტაციას, ვერ შეცვლის ერის გაბედულებასა და გადაწყვეტილებას, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. ეს ნიშნავს უფლებას, რომ ქვეყნები მოკავშირეებს და სასურველ სამხედრო ალიანსებს შეუერთდნენ.
ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის იზოლირებულია, არავის შეუძლია ზემოქმედება მოახდინოს მის შეხედულებებზე ან აზრი შეაცვლევინოს, ახლა ის მთელი მსოფლიოსგან იზოლირებულია. ცხადია, ზოგიერთი ქვეყანა არ ეწინააღმდეგება, თუმცა მათაც კი რუსეთის კურსი არ მოსწონთ, ანუ ის მარტოა", - თქვა ზურაბიშვილმა.
ამავე თემაზე: