ზელენსკის მწვავე მიმართვა NATO-ს | სრული ვერსია ქართულ ენაზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას. დავიცავთ ქვეყანას და გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას. მადლობა გმირებს" -  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს. 

"დიადი ქვეყნის დიადი ერი! ქვეყნის ძლიერება, ერის ძლიერება, ერი სრული მორალური ლიდერობით. 

ჩვენ უკვე გავუძელით 9-დღიან ომს, ბოროტების 9 დღეს. ეს სამჯერ უფრო მეტია იმაზე, ვიდრე მტერს გათვლილი ჰქონდა. შემოჭრას ვუპასუხეთ ისე, როგორც ვიცით, დავიცავით უსაფრთხოება, ვუპასუხეთ გმირობით, სოლიდარობითა და ერთმანეთის დახმარებით. ჩვენებურად, უკრაინულად ვუპასუხეთ!

ასე რომ, ამას ევროპის ისტორია აუცილებლად დაიმახსოვრებს! მოვუყვებით შვილებს, ვაჩვენებთ შვილიშვილებს. მთელ კონტინენტს ეცოდინება ქალაქი ხარკოვი, ჩერნიგოვი, სუმი, ვოლნოვახა, მარიუპოლი, მიკოლაევი და სხვა ჩვენი ბევრი ლამაზი ქალაქი. ცოცხალი ქალაქები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ თავდასხმას გაუძლეს. 

მე ამას ვამბობ სპეციალურად, როგორც დამტკიცებული ფაქტი. გავუძელით, მიუხედავად იმისა, თუ რა მდგომარეობაა ამ წუთას. სტრატეგიულად ყველაფერი გვესმის, უკრაინელები უჟგოროდიდან ხარკოვამდე, ხარკოვიდან კიევამდე, კიევიდან ხერსონამდე უკრაინელები კიევის შემოგარენში მტერს დევნიან. ებრძვიან ოხტირკისთვის. სჯიან გოსტომელისთვის. პასუხს სთხოვენ ხერსონისთვის, ჩვენი, უკრაინული ხერსონისთვის, რომელსაც დღეს დამცირება დაუპირეს, თუმცა არ გამოუვიდათ. არ მისცეს უკრაინელებმა ნება და აჩვენეს, რომ იაფფასიან სპექტაკლს არ წამოეგნენ. არ მიიღეს მათი არც ჰუმანიტარული დახმარება და არც პროპაგანდა. 

რუს პროპაგანდისტებს უკრაინელები თავსნაირები ეგონათ. თუმცა, ნახეს, რომ ხერსონელები ამაყები არიან, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ თავს და უკრაინას. 

მესმის, რამდენად რთულია, ოკუპაციის დროს შეიარაღებული ოკუპანტების წინააღმდეგ გამოხვიდე, მესმის რამდენად სარისკოა ეს. მაგრამ ვხედავ როგორ პასუხობენ ჩვენი მოქალაქეები მათ ბომბებს. როგორ ინარჩუნებენ ისინი უკრაინელობას, როგორ უდგანან გვერდით ჩვენს სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ იქ დროებით მტერია. 

რუს პოლიტიკოსებს მხედველობა ოდნავ მაინც რომ ჰქონდეთ შენარჩუნებული, დაინახავდნენ, რას ნიშნავს ჩვენთვის უკრაინა და თავისუფლება. ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ გაუთიშავდნენ უკრაინელებს ტელევიზიას, კავშირებს, წაართმევდნენ საკვებს. გამოურთავდნენ ტელეფონებს, ელექტროენერგიას, სითბოს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს უკრაინელებს სულიერად გატეხავდა. თუმცა, მსგავსი რაღაცები ჩვენ უფრო დიდ მოტივაციას გვმატებს და გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ გითხრათ - გაეთრიეთ ჩვენი მიწიდან! 

სრულ სიბნელეშიც კი ვხედავთ სიმართლეს და ვიბრძოლებთ, ვიდრე ჩვენს თვალებში არ დაბნელდება, რადგან ჩვენ სინათლის მებრძოლები ვართ და დღეს დედამიწაზე ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ ეს არარეალურია.

დღეს ომის მეცხრე დღეა. ბევრი ჩვენგანი მე-9 დღეს იმ ადამიანებს იხსენებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენთან აღარ არიან. სამუდამო ხსენება მათ, ვინც უკრაინისთვის დაიღუპა!

სამწუხაროდ, არის მოსაზრებები, რომ უსაფრთხოებაზე არსებული გარანტიები მხოლოდ დაპირებებია. დღეს გაიმართა ნატო-ს სამიტი, სუსტი სამიტი. სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ბევრს არ სურს თავისუფლებისთვის ბრძოლა ევროპის ნომერ პირველ მტერთან. ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის დაზვერვამ კარგად იცის მტრის გეგმები. მათ ასევე დაადასტურეს, რომ რუსეთს თავდასხმების გაგრძელება სურს. 

ეს როგორ შეიძლება?! 9 დღეა საშინელ ომს ვუყურებთ, ბომბავენ ჩვენს ქალაქებს, ესვრიან ჩვენს ხალხს, ჩვენს შვილებს, დასახლებულ პუნქტებს, სკოლებს, ეკლესიებს, ანადგურებენ ყველაფერს, რაც ნორმალურ, ადამიანურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. ამის გაგრძელება უნდათ. იციან, რომ ახალი თავდასხმა და მსხვერპლი გარდაუვალია. თუმცა ნატომ-მ შეძლო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინის ცა არ დახურონ. 

ვფიქრობთ, რომ ნატო-მ შეიქმნა ნარატივი, რომ უკრაინის ცის დაკეტვა, ნატო-ს მისამართით რუსეთის აგრესიის პროვოცირებას გამოიწვევს. ეს თვითჰიპნოზია. მათთვის ვინც შინაგანად სუსტი და არათავდაჯერებულია. თუმცა შესაძლებელია, მათ იმაზე ძლიერი შეიარაღება ჰქონდეთ, ვიდრე ჩვენ. თქვენ უნდა გეფიქრათ ადამიანებზე და ადამიანობაზე. თუმცა, იმ შეკრებაზე რაზე ფიქრობდით?!

ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაიღუპებიან, თქვენგან გამომდინარე დაიღუპებიან. ჩვენი სისუსტის გამო, თქვენი არაერთიანობისა და დაშლის გამო. ნატო-მ უკრაინისთვის მხოლოდ ის გააკეთა, რომ 50 ტონა საწვავი გამოყო. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმი დავწვათ, რათა უკეთესად იწვოდეს. თუმცა ის ჩვენთვის უკვე რუსული სამხედროების გაჩენილ ცეცხლში დაიწვა. განა ასეთი ნატო გვინდოდა? განა ასეთ ალიანსს ვაშენებდით?!

დღეს ნატო-მ, ცის დაკეტვაზე უარის თქმით, მწვანე შუქი აგინთოთ, რომ უკრაინული სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა გააგრძელოთ. მაგრამ, არ ვიცი ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას, მაგრამ საწვავით ჩვენს დაღვრილ სისხლს ვერ გამოისყიდით. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს. ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის. ერთიანი მომავლისთვის. თუმცა, ამავდროულად, მადლობელი ვარ მეგობარი ქვეყნების. ნატო-ში ჩვენი ბევრი მეგობარი ქვეყანაა, ჩვენი პარტნიორები, ისინი უმრავლესობაში არიან. ნამდვილი პარტნიორები. ისინი, ვინც ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან. 

რუსული არმიის შემოჭრის პირველივე დღიდან გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ! ამიტომ, თავს მარტო არ ვგრძნობთ. ბრძოლას ვაგრძელებთ, გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ჩვენი გმირების დახმარებით. 

დღეს გმირის მედლებით და ორდენებით 76 ჩვენი გმირი ჯარისკაცი მამაცობისა და თავგანწირვისთვის დავაჯილდოეთ. სამწუხაროდ, 37 მათგანი დაღუპულია... 

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი