რომის პაპის, ფრანცისკეს თქმით, ის, რაც უკრაინაში ხდება "არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია". მან უკრაინას "წამებული ქვეყანა" უწოდა, სადაც "ცრემლებისა და სისხლის მდინარეებია". როგორც პაპმა აღნიშნა, მან ჰუმანიტარული მისიით უკრაინაში ორი კარდინალი გაგზავნა.
"არა მხოლოდ პაპის სახელით, არამედ ყველა იმ ადამიანის, ვისაც სურს თქვა, რომ ომი სიგიჟეა, გთხოვთ შეწყვიტოთ. შეხედეთ ამ სისასტიკეს... უკრაინაში სისხლისა და ცრემლების მდინარე მოედინება. ეს არა სამხედრო ოპერაცია, არამედ ომია, რომელიც იწვევს სიკვდილს და ნგრევას", - თქვა რომის პაპმა.
პაპმა ფრანცისკემ მიმართვისას მადლობა გადაუხადა ჟურნალისტებს, რომლებიც "სიცოცხლეს რისკავენ" რომ ომი გააშუქონ.
"მადლობა, ძმებო და დებო ამ მსახურებისთვის, რომელიც საშუალებას გვაძლევს ახლოს ვიყოთ ხალხთან და დავინახოთ ომის სისასტიკე", - მიმართა მან ჟურნალისტებს.