საქართველოს მთავრობამ უკრაინის საელჩოს მოატყუა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ფედერაციასთან მართავდა, - ამ სათაურით სტატიას უკრაინული გამოცემა აქვეყნებს.
გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, კვირას, ქართველი მომხმარებლებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გაავრცელა.
მათივე ინფორმაციით, რუსეთმა შაბათს გამოაცხადა, რომ რძის მწარმოებელი 15 ქართული კომპანიისთვის სანქციების მოხსნასა და მათთვის რუსული ბაზრის გახსნას აანონსებდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროებამ კი ოფიციალურ თბილისსა და კიევს შორის კონსულტაციები გამოიწვია. რა დროსაც, ქართველი დიპლომატები უკრაინულ მხარეს უმტკიცებდნენ, რომ ეს რუსული დეზინფორმაცია იყო, რის შემდეგაც უკრაინული მხარე ქართველ კოლეგებს დაეთანხმა.
"უკრაინის საელჩომ აღნიშნულ საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რაზეც
ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მორიგი რუსული დეზინფორმაცია იყო. როდესაც ქართული მხარე ამას ამტკიცებდა, ქართულ მედიასაშუალებებში სრულიად საწინააღმდეგო ინფორმაცია გავრცელდა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურიშვილი შაბათს, როსსელხოდნადზორთან გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კვირას კი ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა", - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი წერს, რომ ქართულ-უკრაინული ურთიერთობები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ქართული მხარის ქმედებების გამო, სწრაფად გაუარესდა.