უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას აქვეყნებს და ქვეყნის მოსახლეობას მიმართავს.
"დღეს მიტევების კვირაა. დღე, როდესაც ერთმანეთს ყოველთვის პატიებას ვთხოვდით, ასევე სხვა ადამიანებს, ღმერთს... მაგრამ ეტყობა, რომ დღეს, ამ დღის შესახებ, ბევრ ადამიანს საერთოდ არ გახსენებია. არ გახსენებია მნიშვნელოვანი სიტყვა - მაპატიე! თუმცა, აუცილებელ საპატიებელს ღმერთიც გაპატიებთ და მეც. გამოდის, რომ დღეს ამ სიტყვამ მნიშვნელობა დაკარგა. განსაკუთრებით ჩვენთვის, მას შემდეგ, რაც გადავიტანეთ.
ჩვენ არ გაპატიებთ დაცხრილულ სახლებს, რაკეტას, რომელიც დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა ოხმადიდოს თავზე ააფეთქეს და კიდევ 500-ზე მეტ მსგავს რაკეტას, რომელიც ჩვენს მიწაზეა ჩამოგდებული. ესროლეთ ჩვენს მოქალაქეებს და ბავშვებს. არ გაპატიებთ მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქეების მიმართულებით ცეცხლის გახსნას. ჩვენი ინფრასტრუქტურის აოხრებას... არ გაპატიებთ ასობით გარდაცვლილს, ათასობით ტანჯვას. ამას არც ღმერთი გაპატიებთ არც დღეს, არც ხვალ და არც არასდროს! პატიების მაგივრად კი განკითხვის დღე გელოდებათ! ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ!
რუს ჯარისკავებს არ ყოფნით ის, რაც უკვე დააშავეს, მათ შორის განადგურებული სახლები, დამახინჯებული სიცოცხლეები და კიდევ უფრო მეტი უნდათ.
ხვალისთვის რუსეთს ჩვენი სამხედრო საწარმოების კიდევ ერთხელ დაბომბვა ოფიციალურად ჰქონდა გადაწყვეტილი. საწარმოების, რომლებიც ათწლეულების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენდა. ადგილები, სადაც ახლა ათასობით ადამიანი მუშაობს, რამდენიმე ასეული... ეს განზრახული მკვლელობაა. ამის შესახებ მსოფლიოს არც ერთი საერთაშორისო ლიდერის რეაქცია არ მომისმენია.
დაფიქრდით იმაზე, თუ რამხელა დაუსჯელობის გრძნობა აქვს ოკუპანტს, როდესაც ისინი ამხელა ბოროტებას აანონსებენ და ეს ხდება სიჩუმისა და პასუხგაუცემლობის გამო. არც ერთი სიტყვა არ უთქვამთ ოკუპანტის ამ გეგმაზე. იმედი მაქვს, ხვალ მაინც შეამჩნევთ ამას, რეაქცია გექნებათ, რამეს იტყვით, ჩვენ დაზუსტებით ვიცით ვინ მოამზადა ეს შეტევა. ზუსტად ვიცით, როგორ გაიცემა ბრძანებები, ვიცით ყველაფერი და არაფრის პატიებას არ ვაპირებთ. თქვენ გელოდებათ სამხედრო ტრიბუნალი და ღვთის განკითხვის დღე, დამალვას არც კი ეცადოთ.
მტრის მხრიდან მსგავსი გადაწვეტილება, მკაფიო გზავნილია იმისა, რომ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის, იმიტომ რომ რუსეთში მისი გავლენა ვერ იგრძნეს და ვერ დაინახეს, რომ მსოფლიო ნამდვილად გადამწყვეტად მოქმედებს. დასავლელო პოლიტიკოსებო, ამ რეალობას ნუ გაექცევით, არც ახალ მკვლელობებზე დახუჭოთ თვალი. ჩვენ თითქმის ყოველ დღე ვსაუბრობდით ჰუმანიტარულ დერეფნებზე, რომელიც ადამიანებს საშუალებას მისცემდა იმ ქალაქებიდან გამოსულიყვნენ, სადაც რუსები იმყოფებიან.
მადლობელი ვარ ყოველი უკრაინელის, რომელიც საკუთარ ქალაქში რჩება და ცდილობს მტრის შემოსევისგან დაიცვას, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ იქიდან გამოსვლა. ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომ ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნებოდა, თუმცა ისინი არაა და მათ ადგილას სისხლიანი დერეფნები შეიქმნა. დღეს ირპენში ოჯახი ამოხოცეს, დედა, მამა და ორი შვილი დაიღუპა, მაშინ როცა ისინი ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ და ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი ოჯახი დაიხოცა, ამას არ გაპატიებთ! არ დაგივიწყებთ, ყველას დავსჯით ვინც ამ ომში მსგავსი სიმხეცე ჩაიდინა. თითოეულ ნაძირალას გიპოვით, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ესროდნენ, ბომბავდნენ ჩვენს ქალაქებს, რაკეტები გაისროლეს, ბრძანება გასცეს... მერწმუნეთ, რომ დედამიწაზე მშვიდ ადგილს ვერ იპოვით, გარდა სამარისა.
დღეს მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს ქალაქებს, ხარკოვს, ჩერნიგოვს, მარიუპოლს, ხერსონს, გოსტომელსა და ვოლნავახას გმირი ქალაქების წოდება მივანიჭო.
დიდება უკრაინას!", - განაცხადა ზელენსკიმ.