ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა. ამ დოკუმენტს ხელი რესპუბლიკელმა მაიკლ კონავეიმ მოაწერა, რომელიც სამხედრო და საგამოძიებო კომიტეტების წევრია.
ახალ ხელმოწერას გამოხმაურებები უკვე მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის მზარდი ტენდენცია, რომელიც პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილისთვისაა სახიფათო და სანქციების დაწესების მომხრეთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
ჩვენი მთავარი მოკავშირეები საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაქტობრივად ემსახურება რუსეთის ინტერესებსა და პუტინის ინტერესს. ეს არის დამაზიანებელი ქვეყნისათვის, - ამბობს "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი სერგო რატიანი.
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე მიიჩნევს, რომ მაიკლ კონავეი, სხვა კონგრესმენებთან ერთად დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში დემოკრატიის განვითარებას ხელს არ უწყობს და არსებული ხელისუფლების პირობებში არის რუსული გავლენები.