
მსხვერპლი იზრდება. რუსული არმიის ომს უკრაინელების წინააღმდეგ სულ უფრო მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ეწირება, მაგრამ კრემლისთვის ეს გაჩერების მიზეზი არაა. გენერლების ბრძანებით, ჰუმანიტარული დერეფნები რუსული არმიის მთავარი სამიზნე ხდება. ოკუპანტების სამხედრო შენაერთებმა დღეს რამდენჯერმე იმ მშვიდობიანი მოქალაქეების კოლონებიც დაბომბეს, რომლებიც ბლოკირებული ქალაქებიდან გაღწევას ცდილობდნენ.
სუმი, მარიუპოლი, ირპენი, ვინნიცა, ხარკოვი და იზიუმი - უკრაინის ამ ქალაქებში ჰუმანიტარული კრიზისი სულ უფრო კატასტროფული ხდება. მაგრამ ყველაზე დიდი ტრაგედია შესაძლოა სწორედ ამაღამ კიევს ემუქრებოდეს. პუტინის ბრძნებით საოკუპაციო არმია კიევთან პოზიციებს ამაგრებს.
ბელარუსიდან რუსების ახალი შენაერთები, სატანკო კოლონები და სარაკეტო სისტემები უკრაინის დედაქალაქისკენ მიემართებიან და კიევის გარეუბნებში ახალი შეტევისთვის პოზიციებს ამაგრებენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი