"ჩვენი ხალხის ტანჯვისა და მკვლელობის იგნორირების უფლებას მსოფლიოში არავის მივცემთ" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ მიმართვას აქვეყნებს და უკრაინელებს მიმართავს:
ჩემო ძვირფასო უკრაინელებო!
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დღეს გადადგა ნაბიჯი, რომელიც მტერს მნიშვნელოვნად დაასუსტებს და იძულებულს გახდის, აგრესიის საფასური გადაიხადოს. მათ პასუხისგება მოუწევთ ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც ჩაიდინეს. აშშ რუსეთიდან ნავთობის, ნავთობპროდუქტების, გაზისა და ნახშირის იმპორტს კრძალავს. ასევე, შეერთებული შტატების მოქალაქეებს უკრძალავს ნებისმიერი სახის ინვესტიციის განხორციელებას რუსეთის ენერგოსისტემაში.
პირადად მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ამ ლიდერობისა და მსოფლიოსთვის გაგზავნილი მაქსიმალურად მკაფიო სიგნალისთვის. მან ძალიან მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთისთვის გადახდილი თითოეული ცენტი ტყვია და ჭურვია, რომლებიც სხვა სუვერენული ქვეყნის მიმართულებით მიფრინავენ.
რუსეთმა ან ომი უნდა შეწყვიტოს, რომ ფული გაუჩნდეს, ან ომის საწარმოებლად ფული აღარ ექნება. აშშ-ის მიერ მიღებული აკრძალვები რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და იდეოლოგიურად დაასუსტებს. ეს კეთდება თავისუფლებისთვის და წარმატებული მომავლისთვის, საითაც ცივილიზებული სამყარო მიემართება.
რუსეთისგან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს კრძალავს დიდი ბრიტანეთიც, რისთვისაც პირადად ვუხდი მადლობას პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს მისი მამაცური და გადამწყვეტი ქმედებებისთვის.
დღეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ვისაუბრე დიდი ბრიტანეთისთვის ისეთ მძიმე პერიოდზე, როგორიც ჩვენ გვაქვს, 1941 წელზე, როდესაც ბრიტანეთის მიწას საფრთხე შეექმნა, მაგრამ ხალხის ერთიანობამ და თავისუფლების ჟინმა აჩვენა მსოფლიოს, რომ ისინი ძლიერები არიან. ზუსტად ისევე, როგორც დღეს ჩვენ.
შეხედეთ, მსოფლიოს არ სჯერა რუსეთის, მისი მომავლის... ერთ სიტყვასაც არ ამბობენ არც ამ ქვეყნის და არც მისი პერსპექტივების შესახებ. მსოფლიო მხოლოდ ჩვენზე საუბრობს და ჩვენ გვეხმარება. ემზადებიან უკრაინის აღმშენებლობისთვის. რა თქმა უნდა, ომის შემდგომი აღმშენებლობისთვის. როგორც ხედავთ, ისინი ხვდებიან, რომ ერს, რომელიც სამშობლოს ასე თავგანწირვით იცავს, აღმშენებლობის დრო აუცილებლად დაუდგება.
უკრაინისთვის მარშალის ახალი პაკეტი შეიქმნება, რომელსაც დასავლეთი ახლა ამუშავებს. ამის შესახებ დღეს ბრიტანეთის პრემიერმა, სიტყვის კაცმა და უკრაინის ახლო მეგობარმა ბორის ჯონსონმა ისაუბრა.
მკაფიო გადაწყვეტილებებს უკვე ევროკავშირისგანაც ველოდებით. რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას არა უბრალოდ კონკრეტულად რომელიმე ადამიანის, არამედ ამ აგრესიის გამო. ამას აგრესიის ავტორები აუცილებლად ინანებენ. ამის შესახებ რუსეთის ხელმძღვანელობა უკვე გააფრთხილეს ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა, კანადამ, ავასტრალიამ, იაპონიამ და სხვა ქვეყნებმაც. სანქციებს ვერ მოატყუებ, სანქციებს გვერდს ვერ აუვლი.
მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც მხარს გვიჭერენ, ქუჩებში გამოდიან და იბრძვიან როგორც ჩვენთვის, ისე თავიანთი მომავლისა და მშვიდობისთვის. ომი უნდა დასრულდეს და მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ, თუმცა ეს სამართლიანი და ადამიანის ინტერესებს მორგებული უნდა იყოს და არ უნდა ემსახურებოდეს მოძველებულ ამბიციებს. ჩვენი ხალხის ტანჯვისა და მკვლელობის იგნორირების უფლებას მსოფლიოში არავის მივცემთ.
ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლის წინ დღეს ჩემთვის შემზარავი იყო რიცხვ 50-ზე ფიქრი. ომის მე-13 დღეს 50 მოკლული ბავშვი... უკვე 1 საათში ეს 52 გახდა.
საღამოს, მტერმა სარაკეტო იერიში ჟიტომირის ერთ-ერთ სოფელზე მიიტანა და საერთო საცხოვრებელი გაანადგურა. ჩემთვის გაუგებარია, რა საფრთხეს უქმნიდა რუსეთს ეს კამპუსი. რა გეოპოლიტიკურ ინტერესებს წარმოადგენდა ეს დაწესებულება ბირთვული სახელმწიფოსთვის. სამუდამო ხსოვნა იმ ადამიანებს, რომლებიც იქ ამ არაადამიანებმა მოკლეს.
დღეს სუმიდან პოლტავის მიმართულებით ჰუმანიტარული დერეფანი მოვაწყეთ და ასეულობით ადამიანი გამოვიყვანეთ. ასევე, ჩავიტანეთ ჰუმანიტარული ტვირთი, თუმცა ეს იმის მეასედია, რაც იქ უნდა ჩავიტანოთ და რასაც ალყაში მოქცეული ჩვენი მოსახლეობა ელოდება.
ყველაფერი მზად გვაქვს ჩვენი ხალხის დასახმარებლად, სატვირთოები მზად არიან, თუმცა მზად არ არიან ეს არაადამიანები, რომ ამის უფლება მოგვცენ. ისინი საევაკუაციო მარშრუტებს ბომბავენ, ადამიანებისთვის გაგზავნილ აუცილებელ მედიკამენტებსა და საკვებ პროდუქტებს აჩერებენ. და ამას რატომ აკეთებენ იცით?!უნდათ, რომ უკრაინელმა ხალხმა ეს ყველაფერი ოკუპანტებისგან მიიღოს. ეს ყველაფერი იმ სახელმწიფო სისტემის მიერაა ორგანიზებული, რომელიც ჩვენთვის და მისი მოსახლეობისთვისაც კი უცხოა.
ქალაქებში, სადაც ჩვენი მოსახლეობა ოკუპანტების წინააღმდეგ პროტესტს აწყობს და ებრძვის, მინდა იცოდნენ, რომ ჰუმანიტარული დერეფნები იმუშავებს, დახმარება ჩამოვა და თავისუფლებამდე საათები აშორებთ! ირწმუნეთ ამის, მე მწამს, რადგან ეს ძალიან მინდა!
დიდება უკრაინას!