"უკრაინელების გენოციდი ხორციელდება" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! 

დღეს არის დღე, რომელიც ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. მიგვანიშნებს, ვინ ვის მხარესაა. რუსული ბომბი მარიუპოლში საავადმყოფოსა და სამშობიაროს დაეცა. საბავშვო საავადმყოფოც სამშობიაროდ იყო გადაკეთებული. შენობა ბოლომდე დანგრეულია. ამ დროისთვის, 17 დაშავებული გვყავს. როგორც კი განგაშის ხმა გაისმა, ადამიანებმა უცებ დაიწყეს დამალვა იმ 500 კილოგრამიანი ბომბისგან, რომლებსაც რუსები ისვრიან და ჩვენს ქალაქებს ეცემა. და ეს უკვე არაერთხელ მოხდა.

საბავშვო ბაღი, სამშობიარო, მაინტერესებს ეს შენობები რითი უქმნიდა საფრთხეს რუსეთის ფედერაციას. ეს რა ქვეყანაა, რომელსაც სამშობიაროებისა და საბავშვო ბაღების ეშინია და მათ ანადგურებს. რა იყო, იქ პატარა ნაციონალისტები ცხოვრობენ, მშობიარე ქალები როსტოვის მიმართულებით ცეცხლის გახსნას აპირებდნენ თუ რას იზამდნენ?! ვინმე ამ სამშობიაროში რუსულენოვანს ამცირებდა?! ეს საავადმყოფოების დენაციფიკაცია იყო?! ყველაფერი, რასაც ოკუპანტები მარიუპოლში აკეთებენ, წარმოუდგენელი სიმხეცეა! 

ევროპელებო, უკრაინელებო, მარიუპოლელებო! 

ერთიანები უნდა ვიყოთ და რუსეთს ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი ერთად უნდა ვაგებინოთ! ყველა დანაშაულისთვის, რომელიც ოკუპანტებმა ჩვენს მიწაზე მოიტანეს - ყველა დანგრეული შენობისთვის, ვოლნოვახაში, ხარკოვში, იზუმსა და ოხტირში, ჩერნიგოვში, ბოროდიანკაში, ჟიტომირსა და კიდევ ათობით უკრაინულ ქალაქში, იმ ქალაქებში ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელსაც რუსეთისთვის იოტისოდენა საფრთხეც კი არ შეუქმნია. 

გარდაცვლილი ქალები და ბავშვები... ასევე, სამშობიაროს დაბომბვა ნათელი მაგალითია იმისა, რომ უკრაინელების გენოციდი ხორციელდება. ევროპელებო, თქვენ ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ არ გინახავთ, რა ხდებოდა უკრაინაში, ან რა დღეში იყვნენ მარიუპოლელები. თქვენ ეს ყველაფერი იცით, თქვენ ეს ყველაფერი დაინახეთ.

სანქციები იმ დონეზე უნდა გაამკაცროთ, რომ მათ ამ გენოციდის გაგრძელება ვერ შეძლონ. ისეთი ზეწოლა უნდა მოახდინოთ რუსეთზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ეს სიმხეცე შეაჩერონ. მოსკოვში კარგად იციან, რომ მარიუპოლი დონეცკის ოლქის ნაწილია. ეს ის დონეცკის ოლქია, რომელზეც დონეცკში მცხოვრები ადამიანები ბევრს საუბრობენ, ახლა კი ვხედავთ, როგორ ექცევა რუსეთის ფედერაცია მარიუპოლის მოსახლეობას. ეს ის უბრალო ადამიანები არიან, რომლებიც საწარმოებში მუშაობენ, სახლებში ცხოვრობენ, საავადმყოფოებში მკურნალობენ და მშობიარობენ. 

წარმოიდგინეთ, ბავშვებს აჩენენ და ზუსტად ისეთივე უბრალო ადამიანები არიან, როგორებიც თქვენთან, რუსეთში ცხოვრობენ. მსგავს სიმხეცეს ჩვენ არც დონეცკის, არც ლუგანსკისა და არც მსოფლიოს არცერთი ქალაქის მიმართ არ ჩავიდენდით. სამყაროში არცერთ ქალაქს ასე არ მოვექცეოდით იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, თქვენ?!... 

დღეს ვესაუბრე შარლ მიშელსა და უსრულა ვონ დერ ლეიენს. ასევე აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის ხელმძღვანელ ნენსი პელოსის, დიდი ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს. ბორის, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! პარტნიორები ბოლომდე არიან ინფორმირებულები იმის შესახებ, რაც მარიუპოლში ხდება. ასვეე, იციან სხვა რეგიონებში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე. ვმუშაობთ, რომ რუსეთმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი მიიღოს და ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გახდეს.

ყველა ხერხით ვცდილობთ, მსოფლიოს ლიდერებს გავაკეთებინოთ ის, რაც მათ შემოჭრის პირველსავე დღეს უნდა გაეკეთებინათ! ან ჩაკეტონ ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისთვის, ან მოგვცენ თვითმფრინავები, რომ გავაკეთოთ ყველაფერი ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად. მათი სიჩუმე მკვლელობის ტოლფასია! 

დღეს სამი ძირითადი მიმართულებიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა და იქედან დაახლოებით 35 ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ. ხვალ ისევ გავაგრძელებთ და ექვს ჰუმანიტარულ დერეფანს გავხსნით. ვლოცულობთ, რომ მოვახერხოთ ადამიანების გამოყვანა მარიუპოლიდანაც. ყველაფერს ვიზამთ, რომ ადამიანებმა ჩვენი მზრუნველობა იგრძნონ. 

დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევჩენკოს პრემია გადავცეთ იმ ადამიანებს, ვინც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ეროვნული კულტურის გაძლიერებაში. იმედი მაქვს, როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, ჩვენს კულტურასაც ყურადღება მიექცევა. მას უნდა გავუფრთხილდეთ და შევინარჩუნოთ. ბრძანებას ხელი უკვე მოვაწერე და ლაურიატები ჩვენი ომში გამარჯვების შემდეგ დასახელდებიან.

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი