პუტინი უნდა დამარცხდეს! თუ ახლა საკმარისს არ გავაკეთებთ, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორებიც გათამამდებიან - ლიზ ტრასი

გამოქვეყნდა:

"პუტინი უნდა დამარცხდეს! თუ არ გავაკეთებთ ახლა საკმარისს, მსოფლიოს მასშტაბით სხვა აგრესორები გათამამდებიან", - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ უკრაინაში პუტინის შეჩერება არ მოხდება, ამას ევროპისა და გლობალური უსაფრთხოებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

"სუვერენული ქვეყნები შესაძლოა, უბრალოდ გათელონ. ამიტომ, ჩვენი პასუხი უნდა იყოს უფრო მეტი, უნდა გავაორმაგოთ სანქციები, რაც მოიცავს swift-დან სრულ ჩახსნას და დიდი შვიდეულის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის მოხმარების შეწყვეტას. ჩვენ დავასრულებთ ავტორიტარულ რეჟიმებზე სტრატეგიულ დამოკიდებულებას ენერგეტიკის და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსების გათვალისწინებით. არ უნდა დავისვენოთ ვიდრე პუტინი უკრაინაში არ დამარცხდება და ქვეყნის სუვერენიტეტი არ აღდგება", - თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კვლავ მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უსამართლო ომი, მსოფლიოს კი მიმართა, გვერდით დაუდგნენ უკრაინას. ამასთან, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროების შესვლა უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს, რაც მისივე თქმით, არც აშშ-ის ინტერესებშია და არც უკრაინის. 

"როდესაც ხედავ სურათს, რომ 2022 წელს ადამიანები ცდილობენ, მეტროს გვირაბში დამალვას, შეუძლებელია არ იფიქრო მათზე, ვინც ლონდონის მეტროში იპოვა თავშესაფარი 1942 წელს. ბრიტანეთმა სიმტკიცე და თანადგომა აჩვენა 80 წლის წინ, რამაც შთააგონა მსოფლიო. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა უკრაინაში და სწორედ ამიტომ, საჭიროა მათ გვერდით დგომა. რუსეთი გაუმართლებლად შეიჭრა უკრაინაში, თუმცა უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროები ან ამერიკელი მფრინავები უკრაინის ცაში, გამოიწვევს პირდაპირ კონფლიქტს ამერიკას, ნატოს და რუსეთს შორის, რაც გააჭიანურებს და გააფართოებს კონფლიქტს. ეს არ არის არც ჩვენი და არც უკრაინის ინტერესებში", - თქვა ენტონი ბლინკენმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი