დაბომბილი, განადგურებული და მიწასთან გასწორებული ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელიც პუტინის სიკვდილის არმიის მთავარი სამიზნეა. ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ კრემლი ისევ საწყის წერტილზე დგას, რაც სულ უფრო საზარელს ხდის შურისძიებას რიგითი უკრაინელების მიმართ. ყველაზე მძიმე ვითარება ამ დროისთვის მარიუპოლშია. ხალხი ვერ ახერხებს ქალაქის დატოვებას სადაც აღარც წყალი, საკვები, გაზი და დენია.
უმძიმეს ჰუმანიტარულ კატასტროფაში მყოფი მოსახლეობას მუდმივად უწევს რუსული არმიის შეტევების მოგერიება. გუშინ მარიუპოლში ბავშვთა სახლსა და სამშობიაროზე მიტანილმა იერიშმა სამი ადამიანი იმსხვერპლა, ათობით დაშავდა.
პარალელურად, იბომბება ქალაქები, რომლებიც კრემლმა ვერ დაიმორჩილა. ხარკოვი, შეიძლება ითქვას, ნანგრევებად არის ქცეული. თუმცა მთავარი პუტინისთვის მაინც კიევია, რომლის შემოგარენშიც შეტაკებები განუწყვეტლივ გრძელდება.