თუ გინდა, გაიგო, რას აპირებს რუსეთი, მოისმინე, რაში ადანაშაულებს ის სხვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს და ეხმაურება ოკუპანტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავს.
უკრაინელებო, დღევანდელი დღის მთავარი მიზანი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზება იყო. მოვახერხეთ ჩვენი 40 ათასი მოქალაქის გამოყვანა. ასევე, მოქალაქეებს, რომლებმაც დარჩენა გადაწყვიტეს, ასეულობით ტონა საკვები პროდუქტები და მედიკამენტები გავუგზავნეთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოქალაქეები მაქსიმლურად დავიცვათ იმ ადგილებში, რომლის განადგურებაც მტერს უნდა. ჩვენი ძალისხმევით, ბოლო 2 დღეში, თითქმის 100 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, მარიუპოლი და ვოლნავახა ბოლომდე დაბლოკილია.
ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ იქიდან ხალხი გამოგვეყვანა, თუმცა მტერმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მაინც დაარღვია. ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დერეფნის გზა დაბომბეს მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, რომ იქ სატვირთოებს უნდა გაევლო.
დღეს მტერმა დონეცკის ოლქში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობა ააფეთქა. ზუსტად ის ადგილი, სადაც მარიუპოლელები ევაკუაციისთვის უნდა შეკრებილიყვნენ. ეს ტერორისტების მიერ მოწყობილი ტერორია. მსოფლიომ ეს უნდა იცოდეს და აღიაროს!
ჩვენ საქმე გვაქვს ტერორისტ სახელმწიფოსთან, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, მარიუპოლელების დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ. ოკუპანტები ჩვენი ხალხის მოტყუებასა და გადაბირებას ცდილობენ, ბლოკავენ კავშირებს, ახდენენ ინფორმაციულ ვაკუუმს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მარიუპოლელებს ხმა მივაწვდინოთ და ვუთხრათ, რომ ქვეყანა მათ გვერდითაა. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, რომ მათ ხმა მიაწვდინოს, მიწეროს ან დაელაპარაკოს, აუხსენით სიმართლე და უთხარით, რომ უკრაინა მათ გვერდითაა.
რუსი პროპაგანდისტები დღეს გამოცოცხლდნენ და მათი არმიის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გადაფარვას შეეცადნენ. დანაშაული, რომელიც მარიუპოლის, დონბასის, ხარკოვის და ასობით ქალაქის მიმართ ჩაიდინეს. დაგვადანაშაულეს, თითქოს ქიმიურ იარაღს ვააქტიურებდით და ვირუსულ შეტევებს ვაპირებდით. ამის ძალიან მეშინია, რადგან თუ გინდა, რომ გაიგო, რას აპირებს რუსეთი, მოისმინე, რაში ადანაშაულებს სხვას.
რუსულ მედიასაშუალებებში მსგავსი ინფორმაციის გავრცელება მიანიშნებს, რომ ისინი ამის გამკეთებლები არიან. რუსული ჯარისა და სპეცსამსახურების ქმედებები მიუთითებს, რომ ისინი ამაზე წამსვლელები არიან. მსგავსი დანაშაული მათ ბევრ სხვა ქვეყანაში უკვე ჩაიდინეს. ამ დროს კი თვითონ ჩიოდნენ, აანონსებდნენ და უწევდნენ ორგანიზებას ამ დანაშაულებს. ამას ისინი კიდევ გააგრძელებენ. ისინი უნდა გავაჩეროთ. ყველას ახსოვს, როგორ წაართვეს მოლდოვას დნესტრისპირეთი, როგორ მოგლიჯეს საქართველოს აფხაზეთი და უკრაინას დონბასი და ყირიმი.
თვითონ მოდიან ჩვენს მიწაზე, თვითონ იტაცებენ მიწას, აგზავნიან წვევამდელებს საომრად, რომ მათი შეტევის ძალა გაიზარდოს და ამ დროს საკუთარ ერს სირცხვილის გამო ემალებიან. ამ ყველაფერში კი ისინი ჩვენ გვადანაშაულებენ. გვადანაშაულებენ, რომ მშვიდობისმოყვარე რუსეთს თავს დავესხით, ახლა კი მითხარით რას ნიშნავს ის, რომ ჩვენ ქიმიური იარაღის შექმნაში გვადანაშაულებს.
რუსებო, რა იყო, ქიმიური იარაღის გამოყენებას აპირებთ?! ამიაკი? ფოსფორი? კიდევ რა მოგვიმზადეთ?! სად აპირებთ ქიმიური იარაღით დარტყმას, მარიუპოლის სახლებზე? ხარკოვის ეკლესიებზე? საბავშვო საავადმყოფოებზე თუ იმ ლაბორატორიებზე, სადაც მეცნიერები მუშაობენ?! ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და მე ადეკვატური ქვეყნის პრეზიდენტი ვარ. ასევე, ორი შვილის მამა და არანაირი მასობრივი განადგურების ქიმიურ იარაღს ჩვენს ქვეყანაში არავინ ამზადებს, ეს ჩვენც ვიცით და თქვენც! და თუ მსგავს რამეს გააკეთებთ, უმკაცრეს სანქცირებულ პასუხს მიიღებთ!..
დღეს და ხვალ ევროპაში უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე დისკუსიები გაიმართება. ვაცხადებ, რომ ჩვენმა ერმა, სახელმწიფომ და არმიამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ იქ მიგვიპატიჟონ. ეს ევროპისთვის საბოლოო გამოცდაა. ევროპელ ლიდერებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც მხარს ჩვენ გვიჭერენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც მხარს მხოლოდ საკუთარ თავებს უჭერენ. თუმცა, ჩვენ ვხედავთ მთავარს - როგორ გვიჭერს მხარს ევროპის ქვეყნების მოსახლეობა და ამ ადამიანების ნება რომ იყოს, რომელ ქვეყანას აირჩევდნენ ევროკავშირში, დარწმუნებული ვარ, ისინი უკრაინას აირჩევდნენ.
დღეს, როდესაც ვხედავ თითოეული ევროპული ქვეყნის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს და უკრაინის მხარდამჭერ აქციებს, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანა უკვე ევროკავშირშია! რაც შეეხება პოლიტიკოსებს, იმედი მაქვს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე გამოსწორდებიან.
დიდება უკრაინას! დიდება ჩვენს ჯარისკაცებს! - აცხადებს ზელენსკი.