Google უკრაინაში, საჰაერო თავდასხმების შესახებ, ანდროიდის მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს

გამოქვეყნდა:

Google უკრაინაში, საჰაერო თავდასხმების შესახებ, ანდროიდის სისტემის მომხმარებლებს წინასწარ გააფრთხილებს და შეტყობინებებს გაუგზავნის. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 10 მარტს გაავრცელა. 

კომპანია აანონსებს, რომ უკრაინაში მყოფი ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს სმარტფონი ანდროიდის სისტემით, საჰაერო თავდასხმამდე გაფრთხილებას წინასწარ მიიღებს. Google-ს ბლოგში ნათქვამია, რომ ისინი უკრაინის ხელისუფლებასთან აქტიურად მუშაობენ, რომ სმარტფონებში განგაშის სისტემა ამოქმედდეს. 

"უკრაინაში სიტუაცია ტრაგიკულია. მილიონობით ადამიანი მუდმივად საგანგაშო სირენების მოლოდინშია, რათა თავის უსაფრთხო ადგილას შეფარება მოასწრონ" - ნათქვამია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, ანდროიდის გამაფრთხილებელი სიგნალები უკრაინის მთავრობის მიერ გაგზავნილ შეტყობინებებზე იქნება დამოკიდებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ თავდაპირველად ეს ფუნქცია მიწისძვრებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების დროს ადამიანების გასაფრთხილებლად შეიქმნა, თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს მათ დაბომბვისგან თავის გადარჩენაშიც დაეხმარება.

კომპანიის ცნობით, აპლიკაცია Google Play Store-ში უკვე განთავსდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი