აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმის ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ადგილობრივები ეკითხებიან ჯარისკაცებს, თუ რამ აფიქრებინათ კრემლში, რომ ოთხ დღეში მოახერხებდნენ ჩვენს დაპყრობას. ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, მაგრამ ფაქტია, რომ ასე ფიქრობდნენ. თუ მტრები თავის წარუმატებლობას სხვა რაღაცით ამართლებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვერაფერი გაუგიათ. არ გვეზარება და მზად ვართ, მტერს ავუხსნათ ბოლომდე, ვინ არიან ისინი სინამდვილეში და საით უნდა გააგრძელონ გზა უკრაინიდან.
დღეს მელიტოპოლში ოკუპანტებმა ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი გაიტაცეს, რომელიც თავის ქალაქს და ხალხს მამაცურად იცავდა. ეს მტრის სისუსტეზე მიანიშნებს და მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მიიღეს მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდ გათვლებს აკეთებდნენ. ან ისინი ატყუებდნენ საკუთარ თავს, რომ უკრაინაში ხელგაშლილები ელოდნენ. მათ ვერ იპოვეს ვერცერთი კოლაბორაციონისტი, რომელიც ქალაქს და ადგილობრივ ხელისუფლებას ჩააბარებდა.
ისინი ტერორის ახალ ფორმაზე გადავიდნენ, რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მკვლელობის მცდელობაში გამოიხატება. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ესმით, რომ არჩევნების შედეგად კანონიერად არჩეული მერი ხალხის წარმომადგენელია.
ეს არ ეხება პოლიტიკურ შეხედულებებს ან იდეოლოგიას, ეს ადამიანის ცხოვრებას უკავშირდება. შესაძლებელია, რომ რუსეთში მსგავს ავტოკრატიულ მმართველობას წლების განმავლობაში მიეჩვივნენ, შეიძლება იქ ფიქრობდნენ, რომ მერი უბრალო მაღალჩინოსანია, ის არაფერს წარმოადგენს და რომლის მოშორებაც მარტივად შეუძლიათ. მაგრამ იცოდეთ, რომ ეს უკრაინაა, ევროპაა, ჩვენ აქ დემოკრატია გვაქვს. ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ, მერის გატაცება არ არის მხოლოდ ადამიანის და სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული, ეს არის დანაშაული დემოკრატიის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ადამიანები ამას უმაღლეს ტერორად ჩათვლიან.
მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ მელიტოპოლი არ დანებდა მტერს, ისევე როგორც ხერსონი, ბერდიანსკი და ყველა ის ქალაქი, სადაც მტერი შეიჭრა. რა თქმა უნდა, დროებით შესვლას ვგულისხმობ.
უკრაინა მელიტოპოლის მერის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ყველა ქალაქის ხელმძღვანელის უსაფრთხოების გარანტიებს მოითხოვს. და თუ თქვენ ტერორისტები ხართ, თქვენთან საუბარს საერთოდ რა აზრი აქვს. ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებ საერთაშორისო შუამავლებთან, რომლებიც თქვენთანაც საუბრობენ.
ამასთან, რუსებმა დღეს თითქმის ყველა ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა შეაფერხეს, თუმცა 7 100 ადამიანის გამოყვანა მაინც მოვახერხეთ. ყველაფერს ვიზამთ კიდევ მეტი ადამიანის გამოსაყვანად, ამას აუცილებლად გავაკეთებთ, ისევე როგორც, ამ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებებს აუცილებლად გავაგზავნით.
დღეს მტერმა მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარება ისევ არ შეუშვა, ხვალ ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით იქ ამ დახმარების, საკვების, წყლის, მედიკამენტების გაგზავნას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამხედროები ოკუპანტებს ჩვენი მოქალაქეების ტანჯვის თითოეული წუთისთვის შესაბამის პასუხს გასცემენ. ეს არ არის არარეალური, არამედ ეს რეალური ფაქტების კონსტატაციაა.
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 12 ათასს აჭარბებს, დაჭრილები კი გაცილებით მეტნი არიან. მაგრამ ჩვენ არცერთი მათგანი აქ არ მოგვიწვევია. და ყოველ ოკუპანტს გავუმეორებთ, რომ აქედან წასვლა ისევ შეუძლიათ - უბრალოდ დაყარეთ იარაღი და წადით ჩვენი ქვეყნიდან! წადით სახლში!
უკვე იმდენი ტყვე გვყავს, რომ დამატებით ახალი სტრუქტურის შექმნა მოგვიწია. ათასობით დატყვევებულ და საკუთარი ნებით ჩაბარებულ რუს სამხედროს, ჟენევის კონვენციის შესაბამისად ვექცევით.
მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველა რუს დედას, განსაკუთრებით წვევამდელების დედებს, არ გამოუშვათ თქვენი შვილები სხვის მიწაზე საომრად. არ დაუჯეროთ თქვენი მთავრობის დაპირებებს, რომ თითქოს წვრთნებზე, არასაომარ ვითარებაში აგზავნიან. გადაამოწმეთ, სად არის თქვენი შვილი. თუკი გაგიჩნდებათ მცირე ეჭვი მაინც, რომ მათ საომრად აგზავნიან, არ გაწიროთ ისინი არც სასიკვდილოდ და არც ტყვედ ჩასავარდნად.
უკრაინას არასდროს უნდოდა ეს საშინელი ომი, მაგრამ იმდენ ხანს დაიცავს თავს, რამდენიც საჭირო გახდება. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ომში მარტო არ ვართ. უკრაინელებს ბევრი კეთილი და გულუხვი მეგობარი ჰყავს. დღეს პოლონეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დავინახე, რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერა და საერთო ღირებულებების დასაცავად თანადგომა. რამდენად სასიამოვნოა, რომ ჩვენს შორის საზღვრები ქრება და ჩვენ კიდევ უფრო ახლობლები ვხდებით. ვისაც მეგობრები ჰყავს, მას ყველაფერი შეუძლია!
ველაპარაკე ჯო ბაიდენს და განვიხილეთ, კიდევ როგორ შეიძლება რუსეთზე ზეწოლა იმისთვის, რომ ეს ომი დავასრულოთ. რუსეთს ჩამოერთმევა დიდი შვიდეულის ქვეყნებთან ვაჭრობის უფლება. რაც უფრო ნაკლებ დოლარს იშოვიან რუსი ბიზნესმენები და რაც უფრო ნაკლებ გადასახადს გადაუხდიან ისინი ხელისუფლებას, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება რუსულ არმიას, ჩვენი ხალხის დასახოცად.
რუსეთს უკვე ტოვებენ საერთაშორისო და კერძო კომპანიები და ამ ომის დაწყებით კრემლმა მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ განაწყო. ეს თვითიზოლაცია და თვითნგრევაა. რუსეთის სავალუტო ჯიხურებში 1-მა დოლარმა 200 რუბლს მიაღწია. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. პარტნიორების მიერ მიღებული სანქციების მოქმედება მხოლოდ ახლა დაიწყო, მალე კი რუსები იგრძნობენ, რომ ვალუტა საკმარისი არაა, გაძვირდება პროდუქტი და იგრძნობენ, რომ ეს მათ უსაფრთხოებას ემუქრება.
მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონდა რუსეთის მოქალაქეების მიმართ ბოროტი ზრახვები. მათ არ სურდათ რამე დაეშავებინათ რომელიმე მოქალაქისთვის, სანამ მათმა მთავრობამ მეზობელი ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას ომი არ დაუწყო. არავის არ უნდოდა, რომ ჩვეულებრივი რუსული ცხოვრება, უკან, 90-იანებში დაებრუნებინა. ასე იხსენებდით ბნელ 90-იან წლებს, სიღარიბის პერიოდს.
შესაძლებელია, პროპაგანდისტების წყალობით, რუსეთის მოქალაქეების უმტესობას ჯერ კიდევ არ ესმის, რა ელოდება. თუმცა, კრემლს ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული და ეს ძალიან კარგია. მთავრობას ყველაფერი დეტალებში ესმის და ძალიანაც ეშინია. ზუსტად ამიტომ, ისინი ყველა თავისუფალი მედიასაშუალების დახურვას ცდილობენ. მათ შორისაა Instagram და Facebook-იც.
მივმართავ მოაზროვნე რუსებს, მოძებნეთ სანდო ინფორმაციის წყარო და მოგიწოდებთ, მოარიდეთ თქვენი ტელეფონები ქუჩაში მყოფ ძალოვნებს. ისინი აპირებენ თქვენი ტელეფონებისა და ლეპტოპების შემოწმებას. ისწავლეთ თქვენი ხელისუფლების გეგმებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოაზროვნე ადამიანები ყველა ქვეყანაში არიან, მათ შორის რუსეთშიც.
აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ომი დასრულდება და უკრაინა გაიმარჯვებს!
დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.