"ჩვენს დელეგაციას კონკრეტული დავალება აქვს - პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი დელეგაციის წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება და ეს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. 

გაუტეხელი ქვეყნის თავისუფალო ერო! 

დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის, ჩვენი თავისუფლებისა და გადარჩენის ომის მე-18 დღეა. დღევანდელი დღე საშინლად დაიწყო. რუსულმა ავიაციამ და რაკეტებმა ჩვენი ქალაქების დაბომბვა აღმოსავლეთ უკრაინიდან დასავლეთის ჩათვლით განაახლეს. მხოლოდ ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო მოხალისეების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ამ პოლოგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. ინციდენტის ადგილიდან NATO-ს საზღვრებამდე მხოლოდ 20 კილომეტრია. 

გასულ წელს, NATO-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით! დიდხანს ვსაუბრობდი ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტზეც, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ - უკრაინის ცის არჩაკეტვა ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზეც, NATO-მოქალაქეების სახლებს დაეცემა. ეს მხოლოდ დროის საკითხია!

დღეს კიევის ოლქში ამერიკელი ჟურნალისტი ბრედ რენო მოკლეს, მისი კოლეგა დაიჭრა. ეს რუსი ოკუპანტების მიზანმიმართული თავდასხმა იყო. რუსებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ ჟურნალისტები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსების ქმედებები დასავლეთშიც იციან. აღმოსავლეთით, რუსმა ოკუპანტებმა სვიატოგორსკის ლავრის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია გადაწყვიტეს. ეს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია იყო, რომელიც ადრე მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. თავდასხმისას მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ მონაზვნები და ასეულობით იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა. არცერთი სამხედრო რაზმი ან ჯარისკაცი იქ არ ყოფილა. მაგრამ რუსი ოკუპანტები არც მონასტრების განადგურებას ერიდებიან. ეს აჩვენებს, რომ რუსების იდეოლოგია სიცრუის ტირაჟირებაა. 

დღეს მოვინახულე ის ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლაში დაიჭრნენ და სამხედრო ჰოსპიტლებში გადაიყვანეს. ისინი გმირების ორდენებით დავაჯილდოვე! უკვე 18 დღეა, ამავე ჰოსპიტალში რუსი სამხედრო ტყვეებიც მკურნალობენ. ისინი უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, ერთ პალატაში არიან. მათი ქმედებების მიუხედავად, მათაც ისევე მკურნალობენ, როგორც უკრაინელებს. უკრაინელი ექიმები ადამიანები არიან და არა მხეცები და ეს ომი ისე უნდა დავასრულოთ, რომ ბოლომდე ადამიანებად დავრჩეთ. ყველა უკრაინელი ექიმისა და მედდის მადლობელი ვარ. 

საავადმყოფოს გზაზე ერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელიც ქუჩაში ბორშს და სხვადასხვა საკვებს ამზადებს და ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს უმასპინძლდება. ის ნამდვილი უკრაინელია, თავისი იუმორით, გულახდილი ადამიანი. ასწლეულებია, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ადამიანებზე დგას. მათი დახმარებით ნებისმიერ უბედურებას გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვართ და უკრაინელებს ყოველთვის დავიცავთ! ამას გავაკეთებთ ყოველგვარი თანხის ან პირადი სარგებლის გარეშე, უბრალოდ უკრაინულად და არა ისე, როგორც ამას ოკუპანტი აკეთებს.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო დისკუსიები გავმართეთ ბულგარეთთან, პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და სლოვაკეთთან. ჩვენი მეგობრებისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ისინი ჩვენც და ჩვენს არმიასაც მხარდაჭერას უცხადებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. უკრაინის ევროპულ პერსპექტივებსა და მის რეალობაზე დღეს შარლ მიშელსაც ვესაუბრე.

ახლა რაც შეეხება მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან - უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი დელეგაციის წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება და ეს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაა. ეს იქნება შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ელოდება. მესმის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ აუცილებელია. ამ ომსა და მოლაპარაკებებში უკრაინამ აუცილებელი შედეგები მიიღო. 

მოლაპარაკებებზე უნდა მივიღოთ გარანტიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ბუდაპეშტში იყო და ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ცის ჩაკეტვის საკითხია. მიღებულ შედეგებზე უკრაინელებს უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ ეს მუშაობს და გარანტიებიც ნამდვილია.

მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰუმანიტარულმა დერეფანმა. უსაფრთხო ადგილებზე უკვე 130 ათასზე მეტი მოქალაქე გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, მარიუპოლში ოკუპანტებმა ეს დერეფანი ისევ ჩაკეტეს. გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით სიჩუმის რეჟიმის შეთანხმება, თუმცა რუსებმა ისევ დაარღვიეს და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეტევა მიიტანეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვეცდებით მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის ამ ტვირთის გაგზავნას და ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით. იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი უკრაინელი და უკრაინის მოქალაქეა. 

ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ბრძოლაში ვიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს - სამშობლოს. ვალდებულები ვართ, მოვითმინოთ, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების დღე დადგება. 

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი