უკრაინელმა სამხედროებმა აღკვეთეს რუსული სამხედრო ტექნიკის მცდელობა, გადაეკვეთათ მდინარე ირპენი გოსტომელთან აშენებული ხიდით და შესულიყვნენ დედაქალაქში - ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, УНІАН წერს.
ე.წ. პონტონის ხიდი, რომელსაც დროებითი გადაკვეთისთვის აგებენ, მდებარეობდა ღია მინდორში მდინარე ირპინზე მთავარი ხიდიდან ჩრდილოეთით რვა კილომეტრში - სატელიტურ ფოტოებს CNN ავრცელებს. ხიდი პირველად თანამგზავრულ სურათებში ხუთშაბათს, 10 მარტს გამოჩნდა. 13 მარტს გამოქვეყნებულ დამატებით ფოტოზე ჩანს დანგრეული პონტონური ხიდი და იქვე მდგარი რუსული სამხედრო ტექნიკა.
გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა კიევის გარეუბანში, ირპინში რამდენჯერმე მოიგერიეს და შეაჩერეს რუსული ჯარების წინსვლა უკრაინის დედაქალაქისკენ. მთავარი ხიდი, რომელიც კვეთს მდინარე ირპინს, უკრაინელებმა რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად გაანადგურეს. ახლა მდინარე ირპინი მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის რუს სამხედროებს.