უკრაინა სანქციებს დაუწესებს ყველა რუს პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ომს - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა დღეს, 14 მარტს, პოლონეთისა და ლიეტუვას მთავრობების ხელმძღვანელებთან ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.
უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ომის დასრულების შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.
"სანქციების პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია სანქციების დაწესება რუსეთის საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების წინააღმდეგ. ბევრმა ხმა მისცა და მხარი დაუჭირა ამ აგრესიას და ბარბაროსულ ომს. მთელი მათი ქონება უნდა გაიყინოს", - ამბობს შმიგალი.
მისივე თქმით, ძირითადი ნაბიჯები ასევე მოიცავს რუსეთის ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად აღიარებასა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას.
„ჩვენ მოვთხოვთ ყველა ქვეყანას და პასუხისმგებელ ბიზნესს, შეწყვიტონ რუსეთის ბიუჯეტის დაფინანსება, საიდანაც ოკუპანტი იარაღს ყიდულობს, უხდის ხელფასს ბარბაროსებს, რომლებიც კლავენ ბავშვებს, ქალებს, სჩადიან საშინელ სამხედრო დანაშაულებს“, - განაცხადა პრემიერმა.
შმიგალმა აღნიშნა, რომ უკრაინა ასევე სთხოვს პარტნიორებს დახურონ პორტები რუსული გემებისთვის და აუკრძალონ ევროპულ გემებს რუსეთის პორტებში შესვლა. უკრაინის მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა იყოს ემბარგო რუსეთის ყველა რესურსზე: ნავთობზე, გაზზე, მინერალებზე, ლითონებზე და ა.შ.