"უკვე იწყებენ იმის გაგებას, რომ ომით ვერაფერს მიაღწევენ. ეს იციან რუსმა ჯარისკაცებმა, ამას ხვდებიან მათი ოფიცრებიც, რომლებიც ბრძოლის ველიდან გარბიან", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკსი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ძვირფასო უკრაინელებო, დასრულდა ომის მე-19 დღე. კიდევ ერთი მძიმე დღე, რომელიც გამარჯვებასთან გვაახლოებს. როგორც ამ დღეების განმავლობაში, მტერი ახლაც დაბნეულია რადგან მსგავს წინააღმდეგობას არ ელოდა. სჯეროდათ იმ პროპაგანდისტების, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ატყუებდნენ.
უკვე იწყებენ იმის გაგებას, რომ ომით ვერაფერს მიაღწევენ. ეს იციან რუსმა ჯარისკაცებმა, ამას ხვდებიან მათი ოფიცრებიც, რომლებიც ბრძოლის ველიდან გარბიან. ტოვებენ სამხედრო ტექნიკას, რომლებიც შემდეგ ჩვენი ნადავლი ხდება და მას უკრაინის დასაცავად ვიყენებთ. რუსული არმია დღეს ფაქტობრივად ჩვენთვის სამხედრო შეიარაღების მომწოდებელი გახდა. მსგავს რაღაცას ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ იფიქრებდნენ.
მინდა იმ რუს ჯარისკაცებს მივმართო, რომლებიც უკრაინაში მხოლოდ ახლა ჩამოვიდნენ და რომლებიც აქ წამოსასვლელად ახლა ემზადებიან. მომისმინეთ, განსაკუთრებით ყურადღებით მომისმინეთ. უკრაინას თქვენ ვერაფერს წაართმევთ, აქედან ვერაფერს წაიღებთ. თქვენ ძალიან ბევრ სიცოცხლეს წაართმევთ სხვებს იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრნი ხართ, მაგრამ თქვენც მოგკლავენ. რისთვის ან რატომ უნდა დაიღუპოთ?! ვიცი, რომ გინდათ დიდხანს იცოცხლოთ, თქვენ სატელეფონო საუბრებში ვისმენთ, რას ფიქრობთ ამ ომზე და თქვენს მთავრობაზე. თქვენს ერთმანეთთან საუბრებს, თქვენს მშობლებთან საუბრებს, ამ ყველაფერს ვისმენთ. ვიცით, ვინც ხართ, ამიტომ გთავაზობთ გამოსავალს - უკრაინელი ერის სახელით გაძლევთ შესაძლებლობას გადარჩეთ, თუ იარაღს დაყრით და ჩაბარდებით, მოგექცევით ისე, როგორც ადამიანებს ექცევიან, ღირსეულად და არა ისე, როგორც თქვენთან არმიაში გექცევიან. არჩევანი თქვენზეა.
ჩვენი გმირი ჯარისკაცები მტერს სერიოზულ ზიანს აყენებენ. განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობამ უკვე ასეულს გადააჭარბა. ასეულობითაა განადგურებული ტანკებიც. ათასობით სხვა საბრძოლო ტექნიკა. ომის 19 დღის განმავლობაში, რუსეთმა იმაზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა უკრაინაში, ვიდრე ორ სისხლისმღვრელ ჩეჩნეთის ომში, რისთვის იხოცებით?! რისთვის ან რატომ იკლავთ თავს?!
მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც სიმართლის გამჟღავნებას არ წყვეტენ. ისინი, ვინც დეზინფორმაციას ებრძვიან და თავის მეგობრებსა და ნათესავებს სიმართლეს უყვებიან. განსაკუთრებით მადლობელი ვარ იმ გოგოსი, რომელიც "პირველი არხის" ეთერში პლაკატით ხელში შევიდა. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც ბრძოლის არ გეშინიათ, სანამ თქვენი ქვეყანა ბოლომდე არ ჩაიკეტა და არ დაემსგავსა ჩრდილოეთ კორეას, გამოდით და იბრძოლეთ, არ დაკარგოთ თქვენი შანსი!
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე პაკეტი დაამტკიცა. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთს კიდევ უფრო ახალი და მკაცრი შეზღუდვები დაუწესდეს.
ყველა, ვინც პასუხისმგებელია ომზე, დემოკრატიის ნგრევასა და ადამიანების რეპრესირებაზე, მკაცრ პასუხსა და სასჯელს მიიღებს. რუს ჯარისკაცებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულისა და შეგნებულად შექმნილი ჰუმანიტარული კატასტროფის შექმნისათვის სასჯელი გარანტირებული აქვთ. ეს მხოლოდ დასაწყისია!
მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება ხარკოვში, მარიუპოლში, სუმში, ჩერნიგოვში, ოხტირკაში, გოსტომელში და თითქმის ყველა სხვა ჩვენს ქალაქში. ჩვენი ყველა პარტნიორი უკვე ინფორმირებულია ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებაზე. დროებით ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისგება აუცილებლად მოგიწევთ!
უკვე რამდენიმე დღეა, აქტიურად ვცდილობთ მარიუპოლში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას, თუმცა ოკუპანტების გამო ამ დრომდე ვერ ვახერხებთ. ყველაფერს ვიზამთ, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი დახმარება მიიღონ.
ოკუპანტების მიერ ჩადენილი თითოეული დანაშაული და ნაბიჯი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან განვიხილე და ეს ნაბიჯები ამტკიცებს, რომ რუსეთი დამატებით ახალი სანქციების ღირსია. ვესაუბრე უსრულა ვონ დერ ლეინს, ანდჟეი დუდას, ლუქსემბურგის პრემიერს, ყველაფერი გვესმის. მნიშვნელოვანი დიალოგი შედგა ისრაელის პრემიერთანაც. როგორც მოლაპარაკებების ერთერთი თანამონაწილე, განვიხილეთ ომის რაც შეიძლება მალე დასრულების საკითხი.
როგორც შემატყობინეს, რუსეთთან მოლაპარაკებებმა არც თუ ისე ცუდად ჩაიარა. თუმცა დავაკვირდებით, რა იქნება.
პრემიერმინისტრის კაბინეტმა ეკონომიკის მხარდაჭერის ახალი გეგმა შეიმუშავა და ბიზნესს იმ ქალაქებში სადაც უსაფრთხო გარემოა და მოსახლეობას მუშაობა შეუძლია, აღდგენის ნებართვა მისცა.
მოვაწერე ხელი ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, 234 ჯარისკაცი სახელმწიფოს უმაღლესი ორდენით ჯილდოვდება, 59 მათგანი დაღუპულია.სამუდამო ხსოვნა მათ, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის დაიღუპა.
დიდება უკრაინას! - აცხადებს ზელენსკი.