"რეპრესიული მანქანა მოგექცევათ ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო ერო,
8 წელია, დონბასში ომი გრძელდება, რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრიდან 20 დღე მიიწურა. უკვე მესამე კვირა მთავრდება. ყველას გვინდა, რომ მშვიდობა მალე დამყარდეს. ყველას გვინდა, გავიმარჯვოთ და მივაღწევთ იმას, რაც ჩვენ, უკრაინელებს, კანონიერად გვეკუთვნის. მაგრამ ამისთვის უნდა ვიმუშაოთ, გვჭირდება ერთიანობა და ბრძოლა. ჩვენმა ბიჭებმაც, რომლებიც რუსეთში მოლაპარაკებებში არიან ჩართულები, უნდა იმუშაონ. როგორც არ უნდა თქვა, მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ძალიან რეალურად ჟღერს. კიდევ გვჭირდება გარკვეული დრო, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის ინტერესებში იყოს. საჭირო დროს კი ჩვენი დამცველები გვაძლევენ, რომლებიც უკრაინას ყველა ფრონტზე იცავენ.
ოკუპანტებს დღეს წარმატებები არ ჰქონიათ მიუხედავად იმისა, რომ ამის მიღწევას ათასობით რუსი ჯარისკაცი ცდილობდა. მტერმა დღეს ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ათობით ოფიცერი. დაღუპულებს შორის ერთი გენერალიც იყო.
ოკუპანტები აგრძელებენ სამხედრო დანაშაულს, ცეცხლი გაუხსნეს დასახლებულ პუნქტს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, რუსეთის მიერ უკრაინაში გამოყენებული რაკეტების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. განხორციელებული ავიაიერიშების დათვლა კი შეუძლებელია. რუსეთის ავიადაბომბვას 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა, ერთი უკრაინელი, ერთი კი Fox News-ის წარმომადგენელი. ერთი ჟურნალისტი კი მძიმედ დაიჭრა. ეს ყველაფერი კიევის ოლქში მოხდა.
ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციები გავაძლიეროთ და ეს უნდა მოხდეს მანამ, სანამ რუსეთი ცეცხლს არ შეწყვეტს. რუსეთის მოქალაქეებო, ნებისმიერი თქვენგანი, რომელსაც წვდომა აქვს სწორ ინფორმაციასთან, მარტივად მიხვდება, რა შედეგით დასრულდება ეს ომი მისი ქვეყნისთვის - სირცხვილით და სიღარიბით, მრავალწლიანი იზოლაციით. ძალიან მკაცრი რეპრესიული მანქანა მოგექცევათ თქვენც ზუსტად ისე არაადამიანურად, როგორც თქვენ ექცევით უკრაინის მოქალაქეებს, ოკუპანტებო!
თქვენს ნაბიჯებზეა დამოკიდებული, რა მოხდება მომავალში. მინდა მივმართო ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელსაც კავშირი აქვს მოქმედ ხელისუფლებასთან. თუ თქვენ დარჩებით თანამდებობებზე და არ წახვალთ ომის წინააღმდეგ, საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს წაგართმევთ, ყველაფერს რაც ამ წლების განმავლობაში გამოიმუშავეთ და ეს უკვე დაიწყეს. ზუსტად იგივე შეეხება პროპაგანდასაც, ქვეყნის მეოთხე ხელისუფლებასაც. თუ თქვენ გააგრძელებთ ამ პროპაგანდას, უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებით, ვიდრე ახლა, თქვენი ნებით დატოვოთ სამსახური. თქვენ სამხედრო ტრიბუნალზე გასამართლდებით აგრესიული ომის ტირაჟირებისა და პროპაგანდისთვის, ასევე სამხედრო დანაშაულის გამართლებისთვისაც. წადით სამსახურებიდან! დამერწმუნეთ, რამდენიმეთვიანი უმუშევრობა ჯობია, ვიდრე მთელი ცხოვრება საერთაშორისო ძებნაში ყოფნა.
დღეს სამი ქვეყნის პრემიერმინისტრი გვესტუმრა, ჩეხეთის, სლოვენიისა და პოლონეთის. ასევე ბატონი ვიცე-პრემიერი ვიაროსლავ კაჩინსკი. მოხარული ვარ, რომ მათთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების საშუალება პირადად, შუამავლების გარეშე მომეცა. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. მაშინ როდესაც კიევი მტრის მთავარი სამიზნეა, აქ ჩამოსვლა ძალიან დიდ მხარდაჭერას ნიშნავს. ამაში გამოიხატება ლიდერობა. მოვუწოდებ უკრაინის ყველა მეგობარი ქვეყნის ლიდერს, ჩამოდით აქ, კიევში. მართალია ეს სახიფათოა, რადგან უკრაინის ცა ჩაკეტილი არაა რუსული რაკეტებისთვის.
მიღებული გადაწყვეტილება უკრაინისთვის თვითმფრინავების გადმოცემაზე, ჯერ კიდევ შეუსრულებელია. ისინი ჯერ არ მიგვიღია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ მთელი მსოფლიოს მზერა ჩვენი ქვეყნისკენაა მომართული.
სიტყვით გამოვედი კანადის პარლამენტში. ჩვენი მეგობრების, კანადელების წინაშე. მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის. კანადა იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინას დაეხმარა. მოვუწოდე მათ, ეს ლიდერობა შეინარჩუნონ და კვლავ დაგვეხმარონ. დაგვეხმაროს არა სიტყვით, არამედ შეიარაღებით, ასევე დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ასევე, მორალური მხარდაჭერისა და იმ ბიზნესის წინააღმდეგ, რომელიც რუსული ბაზრიდან ჯერ კიდევ არ გასულა. მიუხედავად იმისა, რომ სრულიად გააზრებული აქვს, რომ ამ დრომდე ომსა და ტერორს აფინანსებს.
ოთხშაბათს კონგრესში ჩემი სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. ახლა კი მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ახალი კანონპროექტისთვის, რომლითაც აშშ 13 მილიარდ 600 მილიონ დოლარს გამოყოფენ. ეს თანხა ჩვენი სახელმწიფოს სრულ აღდგენას მოხმარდება.
შეხვედრა მქონდა უკრაინის უმაღლეს რადაში, სადაც ეკონომიკური გეგმები და ბიზნესისთვის თავისუფლად მოქმედების პაკეტი განვიხილეთ, რომელიც სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და შექმნაში დაგვეხმარება. ასვეე, სამხედრო მდგომარეობის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ, რაც ჩვენი ქვეყნის უკეთ დაცვაში დაგვეხმარება. მადლობელი ვარ ჩვენი დეპუტატების, რადგან უმრავლესობამ, 340-მა დეპუტატმა კანონს მხარი დაუჭირა. ეს უკრაინის პოლიტიკურ ერთიანობაზე მეტყველებს.
რუსი ოკუპანტების მითი ინგრევა იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინელი ხალხის ნებას არ გამოხატავს. ისინი, ვინც ცოტა ხნით ოკუპანტებთან მუშაობა გადაწყვიტეს, სადღაც იქ, როსტოვში იმალებიან.
დღეს ჰუმანიტარული კორიდორების დახმარებით, საომარი მოქმედებების ზონიდან 28 ათასი ადამიანი გამოვიყვანეთ. მხოლოდ 20 ათასი მარიუპოლელის გამოყვანა შევძელით, ისიც თავიანთი მანქანებით, რადგან იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მაპატიეთ.
მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უკრაინაში იბრძვის, რადგან მათი ერთსულოვნება, სიბრძნე და სიმამაცე უკრაინას ამ ბოროტებისგან იცავს. 139 ადამიანისთვის გმირის ორდენის გადაცემის გადაწყვეტილება მივიღე. 32 მათგანი დაღუპულია. მარადიული ხსოვნა მათ, ვინც ჩვენი ქვეყნისთვის დაიღუპა! დიდება თითოეულ მათგანს, დიდება ჩვენს გმირებს, დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.