"უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტულ ზომებს განვიხილავთ" | ბრიუსელში დღეს ნატოს თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომა გაიმართება

გამოქვეყნდა:

ბრიუსელში დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი (NATO) თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომას მართავს, სადაც უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტულ ზომებს განიხილავენ.

ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ უფრო მეტი სამხედრო აღჭურვილობა და სამხედრო ძალა უნდა გადაისროლონ, რაც კიდევ ერთი მკაფიო სიგნალი იქნება პუტინისთვის.

ნატოს თავდაცვის მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ჯუანშერ ბურჭულაძეც დაესწრება.

"ნატოს ლიდერები გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომების განხილვას დაიწყებენ. შეხვედრაზე იქნებიან ჩვენი ძველი პარტნიორებიც, მათ შორის საქართველო, ფინეთი, შვედეთი და ევროკავშირი. ახლა ასიათასობით სამხედრო უკვე მზადყოფნაშია ევროპის კონტინენტზე. ათიათასობით სამხედროა განლაგებული ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებთანაც. საჰაერო და საზღვაო თავდაცვა მზადყოფნაშია. ამ ეტაპზე ამერიკის შეერთებული შტატების პოლონეთში ათავსებს სამხედრო ძალებს, ასევე ათავსებს გერმანია. ეს ყველაფერი აგზავნის სიგნალს რუსეთის მიმართ - ერთი ყველასათვის და ყველა ერთისთვის. უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთ ნაწილში მეტ სამხედრო აღჭურვილობას და სამხედრო ძალას", - თქვა სტოლტენბერგმა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალიანსის საგანგებო სხდომა 24 მარტსაცაა ჩანიშნული. ბრიუსელში ჩასვლას და სხდომაზე დასწრებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი