უკრაინის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, გამოცემა Financial Times-მა რუსული მხარის მოთხოვნების მონახაზი გამოაქვეყნა.
"მოკლედ, FT-მა გამოაქვეყნა მონახაზი, რომელიც წარმოადგენს რუსეთის მხარის მოთხოვნებს. მეტი არაფერი. ჩვენ მხარეს აქვს თავისი პოზიცია. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე ვადასტურებთ, არის ცეცხლის შეწყვეტა, რუსული ჯარების გაყვანა და რიგი ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები",-წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, Financial Times-მა მოლაპარაკებებში ჩართულ 3 წყაროზე დაყრდნობით, ინფორმაცია გამოაქვეყნა, უკრაინამ და რუსეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავარაუდო 15-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასა და რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს, იმ შემთხვევაში თუ, კიევი ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს და დაეთანხმება შეზღუდვებს მის შეიარაღებულ ძალებზე. ამის შესახებ გამოცემა მოლაპარაკებებში მონაწილე სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
FT-ს ცნობით, შეთანხმება, რომელიც უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებმა ორშაბათს პირველად განიხილეს, გულისხმობს, რომ კიევი უარს იტყვის NATO-ში გაწევრიანების ამბიციებზე და პირობას დადებს, რომ არ განათავსებს უცხოურ სამხედრო ბაზებს ან იარაღს და ამის სანაცვლოდ, მიიღებს დაცვის გარანტიებს მოკავშირეებისგან, როგორიცაა აშშ, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი.