"გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ" - ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს დედებს, რომელთა შვილების უკრაინაში იბრძვიან. 

ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

დიდებული უკრაინის დიდებულო ერო! 

მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან ბრძოლის 22-ე დღე მიიწურა. არმიას, რომელსაც ყოველდღიურად უფრო და უფრო ვამცირებთ. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი სხვადასხვა ქვეყნიდან მებრძოლების დაქირავებას ცდილობს. ასევე, სურს, უკრაინაში საბრძოლად მოტყუებით გამოაგზავნოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა. ეს მათ ვერ დაეხმარება, ამიტომ დავასწრებ მათ და მოვუწოდებ ყველას, ვინც ოკუპანტების ჯარში გაწევრიანებას ფიქრობს, ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იქნება. აქ ჩამოსვლას და ხანმოკლე ცხოვრებაში აღებულ ფულს, დიდხანს სიცოცხლე ჯობია. 

ჩვენი მამაცი ჯარისკაცები იცავენ ყველა იმ მიმართულებას, რომელსაც მტერი უტევს. ისინი პასუხობენ 
მტრის მიერ დასახლებულ პუნქტებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილ ყველა იერიშს. ტყვედ ავიყვანეთ რუსი ახალი ტყვეები. მათ შორის ისინიც, ვინც უკან, რუსეთში დაბრუნებაზე უარს აცხადებენ. ბევრ მათგანზე რუსეთი არც კი ფიქრობს, ისინი მათ უკან დაბრუნებას არც კი ცდილობენ. ბევრი რუსი ჯარისკაცის ოჯახში მათი გარდაცვალების შესახებ უკვე ცნობებიც მიიტანეს იმ დროს, როცა ისინი ტყვეებად გვყავს აყვანილი. 

რუსებო, ვინც მისმენთ, ისაუბრეთ და მოყევით ამის შესახებ რუსეთში. ყველა დედამ, რომელმაც შვილი უკრაინაში საბრძოლველად გამოუშვა, უნდა გაარკვიოს სადაა თავისი შვილი. განსაკუთრებით კი მათ, ვინც შვილებს ვერ უკავშირდება, ან ვისაც უთხრეს, რომ ისინი დაიღუპნენ, მაგრამ ცხედრები არ გადაუსვენებიათ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ტელეფონის ნომრები, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და გაარკვიოთ, რა ხდება თქვენი შვილების თავს. 

ჩვენ არაფერში გვჭირდება 13 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცის ცხედარი. არც ამ ომში მონაწილეობა გვინდოდა. ჩვენ მხოლოდ მშვიდობა გვინდა და გვინდა, რომ თქვენი შვილები უფრო მეტად გიყვარდეთ, ვიდრე თქვენი მთავრობის გეშინიათ. 

დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი, ძლიერი და ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყნის, გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოვედი. გამოვედი არა როგორც პრეზიდენტი, არამედ როგორც უკრაინის მოქალაქე, როგორც ევროპელი. ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვხედავდით, როგორ იბრძოდა გერმანია ეკონომიკის ასაშენებლად, ახალი რუსული გაზსადენისა და ძველი ევროპული ოცნებებისთვის. ახლა კი ვხედავთ, რომ გერმანელების შეხედულებები იცვლება. ვხედავთ, რომ ისინი ახლა სხვა გზებს ეძებენ, ვხედავთ მოქალაქეებს, რომლებიც ძველი პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ გამოდიან. ვხედავთ, რომ გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს განახლებული ლიდერობა მოუტანოს თავის ქვეყანას. უკრაინელი ერის სახელით მათ წარმატებას და მიზნების მიღწევას ვუსურვებ. 

ვეცდები, რომ ყველა ქვეყნის პარლამენტსა და მოედანზე გამოსვლისას ომის დასასრულებლად, ასევე, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღსადგენად და ევროპელების დიდი ხნის ოცნების ასასრულებლად, გამოსავალი ვიპოვო.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩვენი ხმა ესმით და ჩვენი მხარდაჭერაც უფრო მეტად იზრდება. ის მხარდაჭერა, რომელსაც ძალიან დიდხანს ვითხოვდით.

ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მასთან უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები განვიხილე. ასევე, ახალი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან ეს ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაა. მტერი ვერ უნდა მიხვდეს, რას უნდა ელოდოს ჩვენგან, ისევე როგორც მათ არ იცოდნენ რა სიურპრიზებს მოვუმზადებდით 24 თებერვალს, როგორ შევძლებდით თავის დაცვას და როგორ ვუპასუხებდით მათ. ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ მოდიოდნენ ისეთ უკრაინაში, როგორიც მათ 2014-15 წლებში ახსოვთ, ქვეყანა, სადაც ხელს უწყობდნენ კორუფციას და არ ეშინოდათ. 

უკვე 22 დღეა, მტრისთვის შექმნილი მოულოდნელობები ფართომასშტაბიანი თავდასხმების მოგერიებაში გვეხმარება. ამასთან, ვერ გაგიმხელთ მოლაპარაკებების დეტალებს, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დასაცავად კეთდება. 

საავადმყოფოში დღეს ახალშობილი მოვინახულე, ძალიან ლამაზი ბავშვი ვორზელიდან, კიევის ოლქიდან. მისი ოჯახი რუსული იერიშების სამიზნე გახდა. იქვე იყო მისი უფროსი და, 16 წლის კაწია, რომელიც იერიშების დროს 8 წლის ძმას გადაეფარა. დედამ ჭურვის ნამსხვრევებისგან მცირე დაზიანება მიიღო. მადლობა ღმერთს, ყველა გადარჩა, ერთად დადგნენ და ერთმანეთი დაიცვეს. 

დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 5 თანამშრომელი გმირის ორდენით დავაჯილდოვე. 

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ აღდგენასთან დაკავშირებით რამდენიმე სიახლე მაქვს - მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, გააფართოოს ბიზნესის სუბსიდირება იმ ადგილებში, სადაც შედარებით მშვიდი გარემოა და ბიზნესს მუშაობის საშუალება აქვს. ამ ადამიანებისთვის კრედიტი 0%-ში გაიცემა. 

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც ხვალ მინისტრთა კაბინეტი კენჭს უყრის, არსებული რეგულაციების შემსუბუქებაა. აქამდე ბიზნესს 600-ზე მეტი ლიცენზია უნდა მიეღო, დარჩება მხოლოდ 20 აუცილებელი ლიცენზია. ისიც ისეთი, რომელთა გაუქმება შეუძლებელია. 

მესამე სიახლე, რომელიც მილიონობით უკრაინელს ეხება - ეროვნულ ბანკს, დეპუტატებს და ჩვენს მაღალჩინოსნებს დავავალე შექმნან კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო, ბანკში განთავსებულ ანაბრებზე პასუხისმგებლობას 100%-ით აიღებს და არა ისე, როგორც ახლა, როცა სახელმწიფოს გარანტიების 50%-ით გაცემის ვალდებულება აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ეს რომელ ბანკში მოხდება. ჩვენს ხალხს ფულის დაკარგვის არ უნდა ეშინოდეს. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი მალე შემუშავდება და მას რადა მხარს დაუჭერს, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეებს სჭირდება.

და ბოლოს, ჩვენი მერიუპოლი, ხარკოვი, ჩერნიგოვი, კიევის ოლქი, იზიუმი და ყველა სხვა ჩვენი ქალაქი, რომელსაც ძალიან უჭირს და მძიმე მდგომარეობაშია, მარტოს არ დაგტოვებთ, მტერს კი ჩადენილს არ ვაპატიებთ. ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ. ვიცი და დარწმუნებული ვარ. 

დიდება ყველა ჩვენს გმირს! დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი