"ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს!" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს!" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ახალ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

მან წარადგინა გეგმა, თუ როგორ აპირებს უკრაინა საომარი მოქმედებების დროს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებას და ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

განცხადებას სრულად გთავაზობთ:

საღამო მშვიდობისა ყველას, 

ხშირად, მსგავს დღეებში ვამბობდით, რომ გაზაფხული მოვიდა, ახლა კი ვამბობთ, რომ ომი მოვიდა. თუმცა ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ! იმიტომ რომ ჩვენ თავისუფალი უკრაინის თავისუფალი ერი ვართ! 

ამ დღეებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესაზღვრეები გადაამზადოს. ისინი ჩვენი ჯარისთვის შეიარაღებას იმდენად სწრაფად შემოიტანენ, რამდენის უფლებასაც ფიზიკის კანონი მოგვცემს. ვაუქმებთ ყველანაირ გადასახადს, ყველანაირ ბიუროკრატიას, ყველანაირ დოკუმენტს, რომელიც ტვირთის შემოტანასთანაა დაკაშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სწრაფად იმოქმედონ. 

პარლამენტის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი და შესაბამისი კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭირონ. ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საომარი მდგომარეობის დროს ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მინდა თითოეულ დეპუტატს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან ეს არ არის არც ოპოზიციისთვის, არც მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნისთვის. პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების დახმარებას ეხება. შესაბამის კომიტეტს მოვუწოდე, შეიმუშაონ მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მათ დაეხმარება. უკვე გვაქვს ამ პროგრამის მონახაზი, რომელიც ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ასევე, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა ადამიანების, რომლებიც დროებით სხვაგან იმყოფებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ ზრდასრულსა და ბავშვს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება ჰქონდეს. 

მესამე კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეხება იმ ადამიანებს, ვინც საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსული მოსახლეობა შეიფარა. მათ ყველა სახის კომუნალური გადასახადი გაუუქმდებათ მანამ, სანამ ეს ადამიანები მათთან იცხოვრებენ. 

ჩვენი პრემიერმინისტრი დენის შმიგალი უახლოეს საათებში ამ პროგრამების შინაარსს გაასაჯაროებს. 

შექმნილია საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას კურირებს. ეს საკითხები შეეხება უკრაინაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ასევე მათ, ვინც ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ, საომარი მოქმედებების გამო დატოვეს... 

ოკუპანტებმა მიიღეს ბრძანება, გააკეთონ ყველაფერი, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვიონ და ეს, მათი აზრით, სამომავლოდ ჩვენი რუსებთან თანამშრომლობის საფუძველი გახდება.

მტერი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს აგებს. დაისჯება ბრძანების გამცემი ყველა რუსი მაღალჩინოსანი და ბრძანების შემსრულებელი ყველა რუსი ჯარისკაცი. მათი ვინაობა დადგინდება და ისინი მიიღებენ ბილეთს ერთი მიმართულებით, ჰააგისკენ. 

ჩვენი დამცველები შენობების, მათ შორის მარიუპოლის დრამის თეატრის ნანგრევებიდან ადამიანების გამოყვანას ამ დრომდე აგრძელებენ. თეატრის ტერიტორიიდან 130 ადამიანი უკვე გამოიყვანეს. არიან მძიმედ დაშავებულებიც. თუმცა, საბედნიეროდ, ამ ეტაპზე, არ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვინმე დაიღუპა. 

ჩვენი ჯარისკაცების პროფესიონალიზმმა მტერი უკვე ყველა მიმართულებით შეაჩერა და ეს უნდა გააგრძელოს. 

სერიოზული დაპირისპირებებია ხარკოვის ოლქში, განსაკუთრებით კი იზიუმში. რუსულმა არმიამ იქ სამხედრო სასწავლო ცენტრის სრულიად მოუმზადებელი სტუდენტები გაგზავნა, რომლებიც ომში ნახევარ საათსაც კი ვერ გაძლებენ. 

კიევის, სუმის, ჩერნიგოვში, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, ჩვენმა არმიამ ოკუპანტები შეაჩერა. რუსული არმიის თავდაპირველი გეგმა ჩვენი სახელმწიფოს სრულიად ოკუპირებასთან დაკავშირებით, ჩაფლავდა. იგრძნობა, რომ უკვე აღარ იციან, რა დაგვიპირისპირონ. არ იციან რა მოგვიხერხონ გარდა იმისა, რომ იბრძოლონ სრულიად მიუღებელი მეთოდებით - თავს დაესხან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დასახლებულ პუნქტებს, მშვიდობიან მოსახლეობასა და ბავშვებს. ისინი არამხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს ბომბავენ. ეს დანაშაულია! 

რუსული არმიის ეს სტრატეგია რუსეთის ფედერაციისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. ეს გამოიწვევს გამანადგურებელ სანქციებს, ჩვენს ანტისაომარ კოალიციაში ახალი წევრების მიღებას, იმ ქვეყნებს კი, რომლებიც ამ დრომდე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებენ, აიძულებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ერთიან შეზღუდვებს შეუერთდნენ. 

მოლაპარაკებები მშვიდობის მიღწევისთვის, რუსეთის გადარჩენისთვის ერთადერთი გამოსავალია. ჩვენ ყოველთვის ვირჩევდით მოლაპარაკებებს და დიალოგს... 

მინდა, რომ ყველამ გამიგოს, განსაკუთრებით მოსკოვში - დადგა შეხვედრის და მოლაპარაკებების დრო. დადგა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სამართლიანობის აღდგენის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი დანაკარგები გექნებათ, რომ ამის აღდგენას რამდენიმე თაობა ვერ შეძლებს. 

დღეს მოსკოვში ყირიმის მიტაცების ბევრი მიზეზი გაისმა, ჩაატარეს დიდი მიტინგიც. მინდა ყურადღება ერთ დეტალზე გავამახვილო - აქციაზე დაახლოებით 200 ათასი ადამიანი შეკრიბეს, ქუჩაში 100 ათასი იდგა, სტადიონზე კი დაახლოებით 95 ათასი. ზუსტად ამ რაოდენობის ჯარი შემოიჭრა უკრაინაში. ახლა წარმოიდგინეთ, 14 ათასი ცხედარი თქვენთან ერთად იმ სტადიონზე. კიდევ ათობით ათასი დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი. წარმოიდგინეთ, რამხელა დანაკარგი გაქვთ ამ შემოჭრისგან. ეს ომის საფასურია! 

ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასრულდეს!

უახლოეს დღეებში პარტნიორი ქვეყნების მოსახლეობისადმი მიმართვას გავაგრძელებ. ვგეგმავთ შვეიცარიელებისთვის, ასევე ისრაელის, იტალიის, იაპონიის მთავრობისა და მოქალაქეებისთვის მიმართვას. მსოფლიოს ესმის უკრაინის პოზიცია და მხარს უჭერს ჩვენს დამცველებს, უკრაინულ არმიას. 

მინდა გამოვყო და დიდი მადლობა გადავუხადო მარიუპოლის, ჩვენი გმირული, ისტორიაში ყველაზე დიდი გამოწვევების წინაშე მყოფი ქალაქის მცველებს. 

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი