ერთი სახელმწიფო სტრუქტურიდან მეორეში, მეორედან მესამეში და ასე უსასრულოდ ამისამართებენ თავშესაფრის მაძიებელ უკრაინელებს. "გავარკვევთ და დაგიბრუნდებით" - ასე პასუხობენ სამთავრობო სტრუქტურები ჭურვებს გამოქცეულ ადამიანებს, თუმცა დაბრუნებით მათ არავინ უბრუნდება.
როცა ხარკოვი იბომბებოდა, მარია ძანძავამ ქალაქი ორ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად დატოვა. წასასვლელი არსად ჰქონდა, არ იცოდა თავი სად შეეფარებინა და უსაფრთხო ქვეყანაში მოხვედრას ცდილობდა. მეუღლე საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმარა, თავად კი ისევ ხარკოვში დაბრუნდა. საქართველოში ჩამოსასვლელად დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდა.
მარია შვილებთან ერთად სასტუმრო თბილისი ცენტრალმა შეიფარა. საქართველოში სხვა თავის თანამოქალაქეებთან ერთად 8 მარტს ჩამოვიდა.
რას სთავაზობს საქართველო რუსულ ბომბებს გამოქცეულ ადამიანებს. ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის წევრები, შვილები, მათი მეუღლეები და ძმები კი დღემდე ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან. "ქართული ოცნება" უკრაინის მოქალაქეებს შერჩევითი სამართლის პრინციპით უდგება - უკრაინელებს ორ კატეგორიად ყოფს, რომლებმაც საზღვარი ომამდე და ომის შემდეგ გადმოკვეთეს.
ხელისუფლება ეხმარება მხოლოდ მათ, ვინც ჩვენს ქვეყანაში ომამდე ჩარჩნენ - რუსული აგრესიის შედეგად წამოსულ ადამიანებს კი არა.