"ჩვენი ჯარისკაცები რუს სამხედროებს ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგენაში ეხმარებიან" | ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"რუსი სამხედროები სახლის გზას ვერაფრით აგნებენ და ჩვენი ჯარისკაცები მათ ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგენაში ეხმარებიან" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს. 

გთავაზობთ სრულად მის მიმართვას:

ძვირფასო უკრაინელებო!

უკვე 25 დღე მიიწურა, რაც რუსი სამხედროები სწავლებაზე წავიდნენ და შემთხვევით ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ. თითოეული მათგანი ასე ამბობს, როდესაც ტყვედ ვარდება. უკვე 25 დღეა, რუსი სამხედროები მათ მიერ მოგონილ "უკრაინელ ნაცისტებს" ეძებენ და ვერ პოულობენ. იმ ადამიანებს, ვისგანაც უკრაინელების დაცვა უნდოდათ. ასევე ეძებენ იმ უკრაინელებს, რომლებიც ყვავილებით დახვდებოდნენ, თუმცა ვერც მათ მიაგნეს. 

ამასთან, ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსი სამხედროები სახლის გზას ვერაფრით აგნებენ და ჩვენი ჯარისკაცები მათ ღვთის სასამართლოს წინაშე წარდგენაში ეხმარებიან. სადაც ისინი დარწმუნებული ვარ, მხოლოდ და მხოლოდ სასჯელს მიიღებენ. სასჯელს, რომელიც მუდმივად სარდაფში, ბომბების ქვეშ, შიმშილში, უწყლობასა და სიცივეში ყოფნას გულისხმობს. ეს ყველაფერი მათ მიეზღვებათ იმისათვის, რაც უკრაინელების, მშვიდობიანი მოქალაქეების წინაშე ჩაიდინეს. 

დღეს მტერმა მარიუპოლის ერთ-ერთი სკოლა დაბომბა, სადაც თავს ადამიანები აფარებდნენ. არც სკოლაში და არც მის სიახლოვეს უკრაინული სამხედრო პოზიცია გამაგრებული არ ყოფილა, პირიქით, იქ 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იყო, უმეტესობა ქალები და ბავშვები. ისინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი. ამ დრომდე არ ვიცით რამდენია ცოცხალი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პილოტს, რომელმაც ეს ბომბი ჩამოაგდო, აუცილებლად ვიპოვით და დავსჯით ისევე როგორც სხვა პილოტებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.

დღეს სიტყვით გამოვედი ქნესეთში. ებრაელ დეპუტატებს თითოეული უკრაინელის სახელით მივმართე. ვესაუბრე ებრაელ ხალხს, დარწმუნებული ვარ, ისინი, როგორც თავისუფალი ადამიანები, მხარს დაგვიჭერენ. დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ თავიანთი სტრატეგია, რომლითაც მოქალაქეებს იცავენ. ისრაელის პრემიერმინისტრი რუსეთთან დიალოგისკენ მოგვიწოდებს, რისთვისაც მადლობელი ვარ. ეს ეხება იმ დიალოგს, რომელიც ადრე თუ გვიან გაიმართება და შესაძლელებლია, შეხვედრა იერუსალიმშიც კი შედგეს. ეს სწორი გადაწყვეტილებაა მშვიდობის დასამყარებლად, თუ ეს საერთოდ შესაძლებელი გახდა.

დღეს რუს პროპაგანდისტებს საკმაოდ რთული დავალება აქვთ, რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ისრაელის პარლამენტში უცხო ქვეყნის პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. წარმოიდგინეთ, უკრაინის პრეზიდენტი, რომელსაც რუსეთში ნაციზმში ადანაშაულებენ, ისრაელის ქნესეთში სიტყვით გამოვიდა და ებრაელ ხალხსაც მიმართა. მხოლოდ ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მოსკოვში რაღაც წესრიგში არ არის. 

20 მარტს ოთხმა ჰუმანიტარულმა დერეფანმა იმუშავა და 7 295 მოქალაქე, მათ შორის 4 000 მარიუპოლელი, ზაპოროჟიეში, უსაფრთხო ადგილას გადავიყვანეთ. ხვალ მარიუპოლელების გადაყვანას ისევ გავაგრძელებთ. 

ხარკოვის ოლქში კი ჰუმანიტარული დერეფანი ჩაიკეტა, რადგან მტერმა ავტობუსებიც და ტვირთიც შეაჩერა. ამ დრომდე ვერ ვუკავშირდებით 5 მძღოლს და ერთ ექიმს. მიუხედავად ყველაფრისა, მოქალაქეებისთვის აუცილებელი საჭიროების ნივთების, ასევე საკვების, წყლისა და მედიკამენტების მიწოდებას არ შევწყვეტთ. 

დღეს ხერსონი ქუჩაში გამოვიდა, რისთვისაც მადლობელი ვარ. როგორც ყოველთვის, ისინი დღესაც უკრაინის მხარეს არიან. ეროვნული დროშებით და შიშველი ხელებით ისინი ოკუპანტს და მათ შეიარაღებას დაუპირისპირდნენ. ეს მოტივაციას გვმატებს ვიბრძოლოთ იმ უკრაინისთვის, რომელსაც ვქმნით. 

ვესაუბრე ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს, რომელიც უკრაინის ერთგული და ნამდვილი მეგობარია. მასთან იმ კონკრეტულ დახმარებებზე ვისაუბრე, რაც მომდევნო კვირას დიდი შვიდეულის შეხვედრაზე უნდა გაახმოვანოს. მართალია, ჩვენ ამ ორგანიზაციის წევრები არ ვართ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ იქ ერთი ხმა ჩვენს სასარგებლოდ უკვე არის.

ეშტონ კეჩერსა და მილა კუნისს ველაპარაკე, წყვილს, რომელსაც ღრმად სწამს ჩვენი და ჩვენი გამარჯვების. ისინი ეხმარებიან უკრაინიდან დროებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს და ჩვენთვის ფულად დახმარებებს აგროვებენ და უკვე შეაგროვეს 35 მილიონი დოლარი. დიდი მადლობა გადავუხადე ჩემი და უკრაინელი ერის სახელით. ვმუშაობთ იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო ჩვენი მეგობარი გახდეს.

დღეს დავაჯილდოვე უკრაინელი მზვერავები. მაპატიეთ, მათ სახელებს საჯაროდ ვერ დავასახელებ. თუმცა დამიჯერეთ,  ამ ადამიანების წვლილი ჩვენი უსაფრთხოების დაცვაში იმდენად დიდია, უკრაინის გმირის წოდება და ორდენი მინიმუმია, რისი გაკეთებაც ჩვენ მათთვის შეგვიძლია.

დიდი მადლობა მათ და თითოეულ ჩვენს გმირს, იმ ადამიანებს, რომელთა თავგანწირვითაც ვძლებთ. სხვათაშორის, თავს არც თუ ისე ცუდად ვიცავთ, უკრაინა კი ცოცხლობს!

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი