"რთული დღე იყო, თუმცა ეს საერთო გამარჯვებასთან გვაახლოებს" | ზელენსკის მიმართვა - სრული ვერსია

გამოქვეყნდა:

"ეს რთული დღე იყო, თუმცა ეს იყო კიდევ ერთი დღე, რომელიც ჩვენი მშვიდობისა და ქვეყნისთვის საერთო გამარჯვებასთან გვაახლოებს" - უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მორიგ ვიდეომიმართვას საუბრობს, ომის 26-ე დღეს აჯამებს და მოქალაქეებს აჩვენებს, რომ "ყველანი ერთად არიან და მუშაობენ".

გთავაზობთ ზელენსკის მიმართვას სრულად:

თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო,

დასრულდა ომის 26-ე დღე. ძვირფასო უკრაინელებო, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შემოჭრიდან 26 დღე გავიდა, მტერი ჯიუტად ცდილობს თავს დაგვესხას, სადღაც გზაზე კონტროლი აიღოს, მდინარეზე გადავიდეს, თუმცა ბრავო უკრაინულ არმიას, რომელიც ოკუპანტების შეჩერებას მაქსიმალურად ახერხებს. 

მტერმა იერიში ჟიტომირის ოლქზე მიიტანა, რაზეც მკაცრი პასუხი მიიღო. ხარკოვში ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს... მათ იმდენი თვითმფრინავი და ვერტმფრენი ჩამოაგდეს, რომ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ პილოტებს, რომლებიც კიდევ აპირებენ გამოფრენას, თავში ტვინის მაგივრად სიცარიელე აქვთ. სიცარიელე აქვთ გულისა და სულის მაგივრადაც.

ხარკოვში ბორის რომანჩენკო მოკლეს. ადამიანი, რომელმაც ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა, ის 96 წლის იყო. მან ჰიტლერის მიერ შექმნილ მკვლელ მანქანას, 4 საკონცენტრაციო ბანაკს გაუძლო. თუმცა რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა, რომელიც ერთ-ერთ უბრალო მრავალსართულიან სახლს მოხვდა. 

ომის ყოველ დღეს ვრწმუნდები, რომ ეს რუსების მიერ მოგონილი დენაციფიკაციააა. ხერსონში კი ოკუპანტებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს, ადამიანებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. იმ თავისუფლებისთვის, რომლის შესახებაც რუსმა ჯარისკაცებმა საერთოდ არაფერი იციან. მათი აქ ჩამოსვლა დაუსჯელი არ დარჩება, სასჯელი კი სიკვდილია. 

ზაპოროჟიეს ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსს, სადაც ძალიან ბევრი ბავშვი იმყოფებოდა, 4 მათგანი ჰოსპიტალიზებულია, მათგან 2 მძიმე მდგომარეობაშია. 

დღეს 8 ჰუმანიტარული დერეფანი მუშაობდა. სხვადასხვა ქალაქიდან 8 057 ადამიანი გამოვიყვანეთ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა. ასევე 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩავიტანეთ სხვადასხვა ქალაქში. 

დღეს ვესაუბრე ნიდერლანდების პრემიერს, რუტეს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს, მაკრონს. ევროპაში გასამართი მნიშვნელოვანი სამიტის წინ ჩვენი გასავლელი საკითხების კოორდინირებას ვახდენთ. 24 მარტს დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაა ჩანიშნული. უკრაინის პოზიცია აუცილებლად გაჟღერდება და ეს იქნება ძალიან მკაფიო პოზიცია. 

დღეს 105 ჩვენი ჯარისკაცის გმირის ორდენით დაჯილდოების დოკუმენტს მოვაწერე ხელი, სამწუხაროდ, 7 მათგანი გარდაცვლილია.

ეს რთული დღე იყო, თუმცა ეს იყო კიდევ ერთი დღე, რომელიც ჩვენი მშვიდობისა და ქვეყნისთვის საერთო გამარჯვებასთან გვაახლოებს. 

ახლა გაჩვენებთ ვიდეოს, რომ ყველანი ერთად ვართ და ვმუშაობთ.

დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი. 

 

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი