"გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წვეთამდე, სრული ენერგიით, რათა ამ სამიტებზე შედეგებს მივაღწიოთ. დავისვენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, გამარჯვება კი აუცილებლად ჩვენს მხარეს იქნება" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
გთავაზობთ მის მიმართვას ქართულ ენაზე:
თავისუფალი ქვეყნის თავისუფალო მოქალაქეებო,
დღეს იყო ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, რომელიც უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდითაა. უკრაინაში მშვიდობის დამყარებაზე, რუსი სამხედროების მხეცურ ქმედებებზე, ჰუმანიტარულ დერეფნებზე მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანცისკეს ვესაუბრე. დიდი მადლობა მას ომის წინააღმდეგ გამოხატული მკაფიო პოზიციისა და უკრაინისთვის ლოცვისთვის. ვთხოვე, რომ ამ მძიმე დროს ჩვენს ქვეყანაში ჩამობრძანდეს. მჯერა, რომ ამ ვიზიტის ორგანიზებას მოვახერხებთ...
უკრაინისთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიებია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი მეზობლებისთვის. უკრაინის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებისთვის მყარი კედელია...
მარიუპოლში 100 ათასამდე ადამიანი სიცოცხლისთვის შეუფერებელ პირობებში, სრულ ბლოკადაში არიან, მედიკამენტების, წყლის, საკვების გარეშე, მუდმივი სროლებისა და დაბომბვის ქვეშ. უკვე 1 კვირაა ყოველდღე ვცდილობთ უსაფრთხო ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას, თუმცა ოკუპანტი ამის საშუალებას არ გვაძლევს. დღეს ოკუპანტებმა ჰუმანიტარული დერეფნები დაიპყრეს. ტყვედ აიყვანეს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლები და ავტობუსის მძღოლი. არსებული ვითარების გამო, ბერძნულმა მხარემ ჰუმანიტარულ დერეფნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.
დღეს ჩვენმა სამხედროებმა ისევ გაგვახარეს - ისევ ჩერნობაევკა და ისევ ოკუპანტების განადგურება. ისევ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ჩამოგდება. ასევე, მარიუპოლში ბომბდამშენის ჩამოგდება.
ყველა დაისჯება, ვინც ჩვენს ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს. მინდა მივმართო ყველა პილოტს, რომელიც თავისი ხელმძღვანელობის ბრძანებებს უკრაინელი ხალხის დაბომბვასთან დაკავშირებით ასრულებს, აუცილებლად დაისჯებით, რადგან ეს დანაშაულია. დღეს დაისჯებით თუ ხვალ, დრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან ეს აუცილებლად მოხდება.
მადლობელი ვარ თითოეული ევროპელის, რომელიც უკრაინის სიმართლისა და მშვიდობისთვის იბრძვის და მოსკოვს ომის რეალობას აჩვენებს.
მიმდინარე კვირას სამი მნიშვნელოვანი სამიტია, დიდი შვიდეულის, ნატოსა და ევროკავშირის. გველოდება ახალი სანქციები და ახალი დახმარება. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლო წვეთამდე, სრული ენერგიით, რათა ამ სამიტებზე შედეგებს მივაღწიოთ. დავისვენებთ მხოლოდ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, გამარჯვება კი აუცილებლად ჩვენს მხარეს იქნება.
დიდება ყველა გმირს, დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.