"რუსეთმა თავისუფლების წინააღმდეგ ომი უკრაინის ტერიტორიაზე გამოაცხადა და ეს მხოლოდ დასაწყისია", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მის მიმართვას ქართულ ენაზე გთავაზობთ:
ძვირფასო უკრაინელებო და მსოფლიოს მოქალაქეებო, რომლებიც თავისუფლებას ასე აფასებთ,
24 მარტი - დღეს რუსული არმიის შემოჭრიდან ერთი თვე გავიდა. უკვე ერთი თვეა, სამშობლოს ვიცავთ თუმცა მტერი ჩვენს განადგურებასა და მიწიდან აღგვას ისევ ცდილობს. მტრის გეგმები შემოჭრის პირველივე დღეებში ჩამოიშალა. ისინი ფიქრობდნენ, რომ არ შევეწინააღმდეგებოდით და ხელებგაშლილი დავხვდებოდით, მაგრამ შეცდნენ, რადგან ჩვენს შესახებ არაფერი იციან. არაფერი იციან თავისუფლების ღირებულების შესახებ. არ იციან როგორ ამდიდრებს თავისუფლება ადამიანის ცხოვრებას, როგორ მატებს მას შინაარსს.
ოკუპანტები ჯერ კიდევ ბევრნი არიან. მტერი ჩვენს წინააღმდეგ იყენებს ავიაციას, ტანკებს, ბომბებს და ეძებს დაქირავებულ მებრძოლებს. რუსები ესვრიან დასახლებულ პუნქტებს და მშვიდობიან მოქალაქეებს განურჩევლად ხოცავენ. იპარავენ ბავშვებს, ესვრიან გაქცეულებს, ბლოკავენ ჰუმანიტარულ დერეფნებს და მოროდიორობენ. წვავენ მუზეუმებს, ანგრევენ საავადმყოფოებს, უნივერსიტეტებს, დასახლებულ პუნქტებს... რუსმა ოკუპანტებმა ყველანაირი ბოროტება იციან.
მაგრამ რუსეთის ომი მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი არ არის. მას უფრო ფართო მნიშვნელობა აქვს. რუსეთმა თავისუფლების წინააღმდეგ ომი უკრაინის ტერიტორიაზე გამოაცხადა და ეს მხოლოდ დასაწყისია. რუსეთი ყველა ევროპელის თავისუფლებაზე გამარჯვებას ცდილობს. ის ცდილობს დაანახოს რომ ძალა მხოლოდ სიმკაცრესა და სიუხეშეშია. ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ადამიანებს ფასი არ აქვს, ისევე როგორც იმ ღირებულებებს, რომელიც ადამიანს ადამიანად აყალიბებს. ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიომ ომი უნდა შეაჩეროს.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც უკრაინასა და თავისუფლებას მხარს უჭერს, თუმცა ომი მაინც გრძელდება. უკვე ერთი თვეა, გრძელდება ტერორი მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. ეს გულს მიხეთქავს. გულს ტკენს ყველა უკრაინელს და ყველა თავისუფალ ადამიანს პლანეტაზე. ეს არის მიზეზი, რატომაც გთხოვთ, რომ ომის წინააღმდეგ დადგეთ.
დღეს, 24 მარტს, რუსეთის შემოჭრიდან 1 თვე გავიდა. ამ დღიდან უახლოეს დღეებსა და კვირებში გვაჩვენეთ თქვენი პოზიცია. გამოდით ოფისებიდან, სახლებიდან, სკოლებიდან და უნივერსიტეტებიდან, გამოდით მშვიდობისთვის. გამოდით უკრაინული სიმბოლოებით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას და თავისუფლებას, მხარი დაუჭირეთ სიცოცხლეს. გამოდით თქვენს მოედნებსა და ქუჩებში რათა დაგინახონ და გაგიგონ. ხმამაღლა თქვით, რომ ადამიანს, თავისუფლებას ფასი აქვს, რომ უკრაინას ფასი აქვს. დაიწყეთ ეს 24 მარტიდან, თქვენი ქალაქების ცენტრებში. გამოდით ყველა, ვისაც ომის შეჩერება გინდათ!
ახლა კი მინდა ცალკე რუსეთის მოქალაქეებსაც მივმართო. თქვენს შორის ბევრია ისეთი, ვისაც მთავრობა ეზიზღება. უკვე გული გერევათ იმისგან, რასაც ტელევიზორების ეკრანებზე ხედავთ, გული გერევათ, როგორ გატყუებენ პროპაგანდისტები ინტერნეტში, ისინი, რომლებსაც ფულს თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებიდან უხდიან. გატყუებენ იმ ომზე, რომელიც თქვენი ჯიბიდან ფინანსდება და თქვენ ყოველდღიურად გაღარიბებთ. სისულელე არაა, როცა თქვენი ხელისუფლება თქვენს გადასახადებს თქვენივე გასაღარიბებლად, იზოლაციაში მოსაქცევად და გასაკონტროლებლად
აგროვებს?! ასევე იმისთვის, რომ ომში მარტივად გაგაგზავნონ.უკრაინას რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხე არასდროს შეუქმნია. ახლაც კი მხოლოდ იმისთვის ვიბრძვით, რომ ჩვენს მიწაზე მშვიდობამ დაისადგუროს. ვაკეთეთ ყველაფერს, რომ ეს ომი დავასრულოთ. და როდესაც ეს დასრულდება, და რა თქმა უნდა დასრულდება, ერთადერთ რაღაცაში შეძლებთ, დარწმუნდეთ - თქვენს შვილებს სასიკვდილოდ აღარ გაუშვებენ. ამიტომ, რუსებო, თქვენც დაინტერესებული ხართ ამ ომით, გადაარჩინეთ თქვენი შვილები ომისგან, მოუყევით მათ სიმართლე და თუ შეგიძლიათ დატოვეთ რუსეთი, რომ თქვენს სახელმწიფოს გადასახადები აღარ გადაუხადოთ. ეს გააკეთეთ.
ყველა გამოკითხვა ადასტურებს, რომ ევროპელები და ამერიკელები მხარს გვიჭერენ. უკრაინელი ხალხის სახელით მადლობას გიხდით.
24 მარტს ბრიუსელში ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი, ნატოს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება. თითოეულ მათგანს ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამიანები მოახდენენ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას, თუმცა მთავარია ჩვენი მხარდაჭერა პოლიტიკოსებმა გამოხატონ. ყველა მათგანმა მხარი უნდა დაუჭიროს სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნატოსგან, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან სერიოზულ სიგნალებს ველოდებით.
რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება და ეს ინტერესებია ომის შესახებ. ვიცით, რომ ისინი გარკვეულ პარტნიორებთან მუშაობენ. მათ უნდათ, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლის მუხტი ჩაახშონ. სამივე სამიტზე ჩვენი მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება. დავინახავთ, ვინ არის მეგობარი და პარტნიორი და ვინ გაიყიდა. სიცოცხლეების დაცვა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი.
უკრაინის ცა ამ დრომდე არ არის უსაფრთხო რუსული ბომბებისა და თვითმფრინავებისთვის. ამ დრომდე არ მიგვიღია თვითმფრინავები და ანტისარაკეტო დანადგარები, ასევე ტანკები და საზღვაო სამხედრო ტექნიკა. რუსებს ისეთ აქვთ შესაძლებლობა, ათასობით ადამიანი დახოცონ, გაანადგურონ ქალაქები. ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ბინძური ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა.
ჩვენ ცის ჩაკეტვა და შეიარაღებით დახმარება გთხოვეთ. ალიანსს ვთხოვეთ გამოეცხადებინა, რომ დაგვეხმარებოდა ტერიტორიების გაწმენდასა და მშვიდობის დამყარებაში. თავისუფალო ხალხო, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს. ამ ყველაფერს 24 მარტს დავინახავთ.
ჩემო უკრაინელებო, უკვე ერთი თვე გავიდა. ჩვენ 6-ჯერ უფრო დიდხანს გავძელით, ვიდრე მტერი ფიქრობდა. იმაზე მეტი, ვიდრე რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტს ეუბნებოდნენ. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინა სახელმწიფო არ იყო, ჩვენ ერი არ ვიყავით. თავს იტყუებდნენ. თუმცა, ეს ჩვენი საქმე არაა, ეს მათი სახელმწიფოებრივი თვითმკვლელობაა. ჩვენ ჩვენს ქვეყანას და თავისუფლებას, ასევე ბავშვებს და მომავალს ვიცავთ.
ყველა ადგილს, რომელიც ამ დრომდე გმირულად დგას, დავიბრუნებთ. ოკუპანტებს ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაულისთვის პასუხს ვაგებინებთ.
ჟიტომირი, სუმი, კიევი, ჩერნიგოვი, ხარკოვი და მარიუპოლი, ვოლნოვახა და ნიკოლაევი, ოხტირკა და ჰოსტომელი, ხერსონი და ოდესა, იზიუმი და დონეცკი, ლუგანსკი და ჩერნობაევკაც, გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ყველა მოქალაქე თავისუფალ უკრაინაში იცხოვრებს და ეს ძალიან მალე მოხდება.
ჩვენ ყველანი უკრაინელები ვართ, ევროპელები და თავისუფალი ადამიანები ვართ. ერთიანობა ყველა ფრონტზე - ბრძოლის ველზე, მიტინგებზე, სამიტებზე, სამსახურში, ადამიანებთან საუბრისას, ჩვენი ქმედებით რუსეთი უნდა ვაიძულოთ, რომ მშვიდობა ეძებოს. ჩვენი ქმედებებით გამარჯვება და თავისუფლება ერთმანეთს უნდა დავუკავშიროთ.
მარადიული ხსოვნა მათ, ვინც სამშობლოსთვის დაიღუპა. დიდება ყველა ჩვენს გმირს! დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.