ომის ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც "გაუტეხელობის თვე" - რეზნიკოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი ომის ერთ თვეს აჯამებს და ამბობს, რომ ეს პერიოდი ისტორიაში შევა, როგორც "გაუტეხელობის თვე".

მისი თქმით, უკრაინამ და უკრაინელებმა აჩვენეს, რომ ოკუპანტები მათი მიწის ბატონები ვერ გახდებიან.

"ძვირფასო უკრაინელებო, ომის ეს პერიოდი, რომელიც 8 წლის წინ რუსეთის ყირიმზე თავდასხმით დაიწყო, ისტორიაში შევა, როგორც "გაუტეხელობის თვე". უკრაინის არმიამ და უკრაინელმა ხალხმა, გაუძლო დარტყმას, რომელსაც შეეძლო ბევრის განადგურება, მაგრამ არა ჩვენი. მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ ჯარისკაცს, ყველა მოქალაქეს, ვინც თავის ადგილზე დგას და ქვეყნის სიცოცხლისთვის მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ საკუთარ თავსაც და მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ უკრაინა ჩვენთვის ყველაზე მაღლა დგას. არავის მივცემთ უფლებას წაგვართვას ის სახელმწიფო, რომელზეც ვოცნებობდით, ვიბრძოდით და ვკვდებოდით. 

გმირმა მარიუპოლმა, დაუმარცხებელმა ხარკოვმა, მამაცმა ჩერნიგოვმა და ბევრმა სხვა ქალაქმა და სოფელმა აჩვენა, რომ რუსი ოკუპანტები ჩვენი მიწის ბატონები ვერ გახდებიან", - თქვა ოლექსეი რეზნიკოვმა.

მისი განცხადებით, უკრაინელებმა სუმში, გოსტომელში, ვოლნოვახაში, ოხტირკაში, მაკაროვში, კინოტოპში, მიკოლაევში, ბროვარში, იზიუმში და რამდენჯერმე ჩერნობაივკაში "დუპატიჟბელ სტუმრებს" ასწავლეს, რა განსხვავებაა "ნა" და "ვ" უკრაინას შორის.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ ხერსონი, სადაც უიარაღო მოქალაქეები ოკუპანტებს წინააღმდეგობას უწევენ, ყველას უმტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები იქ არავის მიუწვევია.

"ესენი არიან ომის დამნაშაავეები ტერორისტული სახელმწიფოდან, რომლებიც ძალით შემოიჭრნენ, ერთ თვეში მათ 120-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი მოკლეს, ათასობით ახალგაზრდა უკრაინელმა დაკარგა მშობლები, სახლები და ამას მტერს არასდროს ვაპატიებთ", - თქვა მან.

ცნობისთვის, ერთი თვის წინ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ოკუპანტმა დაბომბა და გაანადგურა არაერთი ქალაქი და სოფელი, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, ბაღები, ეკლესიები, საავადმყოფოები. ომმა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, მილიონობით კი ლტოლვილად აქცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი