"ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სამართალი იქნას აღსრულებული და სიმართლე დადგენილი", - ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ საკუთარ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ შეტანილ სარჩელზე საქმის წარმოება უკვე ოფიციალურად დაიწყო.
"ცნობილია საზოგადოებისთვის, რომ ევროპული სასამართლო სარჩელების უმეტესობას განსახილველად არც იღებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის საქმე მიღებულია განსახილველად. გადავდივართ საქმის განხილვის არსებით ეტაპზე, სადაც იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვარ იმაში, რომ ევროსასამართლო შეძლებს დაადგინოს ამ საქმეზე სიმართლე და გამოიკვეთოს ის დარღვევები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე იქნა ჩადენილი", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ სტრასბურგში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის დასადასტურებლად ყველაფერს გააკეთებენ.
"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არსებითად დაირღვა არაერთხელ შიდა ეროვნულ დონეზე და ის არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური მოტივაციით ახდენს "ქართული ოცნება" მის დევნას უკვე რამდენი წელია. სწორედ ამიტომ მივმართეთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით ორი წლის წინ. დღეს გამოქვეყნდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოთხოვნისა, ჩვენი საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და არსებითად განიხილავს სასამართლო. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავადასტუროთ მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების ფაქტი ევროპულ სასამართლოში", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.