რუსეთის უმაღლესმა სამხედრო ლიდერებმა, გასული თვის განმავლობაში, ამერიკელ კოლეგებთან კომუნიკაციაზე უარი თქვეს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით საუბრობს.
ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გენერალი მარკ მილი თავიანთ რუს კოლეგებთან, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალ ვალერი გერასიმოვთან სატელეფონო კონტაქტის დამყარებას ცდილობდნენ, თუმცა რუსები "ჯერჯერობით უარს ამბობდნენ მონაწილეობაზე". მისივე განცხადებით, გაურკვეველია, რატომ თქვეს რუსმა გენერლებმა ამერიკელებთან საუბარზე უარი.
Frontnews.eu წერს, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კონტაქტები შეჭრის შემდეგ გაიშვიათდა. ასევე, გამოცემა CNN-ზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ კვირას, აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო ოფიციალური პირები ერთმანეთს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შეხვდნენ.
მათივე ცნობით, სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან კომუნიკაცია 24 თებერვლის, ანუ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ უცდია.