"ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია, ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყანაში" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აანონსებს იმ პროგრამასაც, რითიც სახელმწიფო მოქალაქეებს დაეხმარება.
გთავაზობთ მის მიმართვას სრულად:
ძვირფასო უკრაინელებო, მინდა ეს მიმართვა, პირადად ჩემი და უკრაინელი ხალხის სახელით უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წევრებისთვის მისალოცი სიტყვებით დავიწყო. ზუსტად 30 წლის წინ, უკრაინაში ეროვნული უსაფრთხოების სამსახური დაარსდა.
ეროვნული უსაფრთხოების სამსახურს ამ წლების განმავლობაში არც თუ ისე მარტივი გზის გავლა მოუწია, მაგრამ 8-წლიანი ომის ბოლო 1 თვეში, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ძალიან ბევრმა თანამშრომელმა გვაჩვენა თავისი გმირობა, პრინციპულობა და სიმამაცე და ის, თუ როგორ შეუძლიათ მიაყენონ მტერს ზარალი, რომელსაც ოკუპანტი არ ელოდა.
მადლობელი ვარ თითოეული ადამიანის, ჯარისკაცის და თანამშრომლის, რომელიც 30 დღის განმავლობაში მედგრად იდგა და თავის სამშობლოს რუსი აგრესორისგან იცავდა. გილოცავთ დღესასწაულს და მინდა ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ჩვენ გვახსოვს თქვენი ის თანამშრომლები, რომლებიც სამწუხაროდ ამ ომმა იმსხვერპლა.
ამ ერთი თვის განმავლობაში, საომარი მოქმედებების დროს, გმირის წოდება ეროვნული უსაფრთოების სამსახურის 77 თანამშრომელს მიენიჭა. მათგან ორი, სამწუხაროდ, დაიღუპა. გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები სამუდამოდ ჩვენს მეხსიერებაში იქნებიან.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს. ამბობენ, რომ სადღაც დაიკარგა რუსეთის თავდაცვის მინისტრი. შესაძლებელია, მან უკრაინაში ჩერნობაევკა პირადად მოინახულა. მადლობელი ვარ ჩვენი ჯარისკაცების, რომლებმაც მტერს აჩვენეს, რომ ზღვა მშვიდ ამინდშიც არ არის უსაფრთხო.
მინდა მივმართო იმ ყირიმელებს, რომლებიც 8 წლის წინ, უკეთესი ცხოვრების იმედით მტრის მხარეს გადავიდნენ. მოგიწოდებთ, თავი შორს დაიჭიროთ ჩვენი ქალაქებისა და ჯარებისგან. დაღუპული რუსი ჯარისკაცების რაოდენობამ უკვე 16 ათასს გადააჭარბა. დაღუპულებს შორის არიან გენერლები, მაიორები და ოფიცრებიც.
უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ მედგარ ბრძოლას და მტრის შემოტევების მოგერიებას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს ეხება ხარკოვს, დონბასს, კიევის ოლქსა და ჩვენს სხვა ქალაქებს.
16 ათასი რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა. რისთვის დაიღუპნენ ისინი?! ვინმეს ეს რამეს აძლევს? სერიოზული საუბრები უნდა გაიმართოს, უკრაინის სუვერენიტეტი უნდა იყოს გარანტირებული, ქვეყნის ტერიორიული მთლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების პირობები სამართლიანი უნდა იყოს. სხვა ვარიანტს უკრაინელი ხალხი არ განიხილავს და არ მიიღებს.
მიმდინარე კვირაში 18-მა ჰუმანიტარულმა დერეფანმა იმუშავა და ჩვენ ცხელი წერტილებიდან და ალყაში მოქცეული ქალაქებიდან, 37 606 ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ. ასევე, მარიუპოლიდან შევძელით 26 ათასი მარიუპოლელის გამოყვანა. ვითარება მარიუპოლში ამ დრომდე ტრაგიკულია.
მარიუპოლში მტერი ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს. მათ თავიანთი პროპაგანდისთვის იყენებენ, თითქოს რაღაცა ჰუმანიტარული დახმარების დახმარება დაიწყეს, ეს უბრალო ცინიზმია. ოკუპანტების მსგავსი საქციელის შესახებ ინფორმაციას ყოველ კვირას მოგაწვდით და ამას ვეტყვი, არამხოლოდ პოლიტიკოსებსა და მთავრობის წევრებს, არამედ თითოეულ უკრაინელს.მსოფლიოში ყველამ, თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში. რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი თითოეული ქმედება მკაცრი პასუხისა და შეფასების ობიექტი გახდება. ამის შესახებ ყველა ჩვენს პარტნიორსა და მეგობარს ვესაუბრები.
გასულ კვირას მე სიტყვით გამოვედი იტალიის, იაპონიისა და შვეიცარიის პარლამენტში. ასევე, ნატოს, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის სამიტებზე. ამ შეხვედრების გამო უკრაინელმა ხალხმა
მსოფლიოს მაქსიმალური ყურადღება დაიმსახურა. მთავარია, რომ უკრაინის პოზიცია მოისმინეს.თქვენ ძალიან კარგად იცით, როგორი პროპაგანდისტული სისტემა ააშენა რუსეთმა. მათ უკვე დახარჯეს და ხარჯავენ ათეულობით მილიონ დოლარს პროპაგანდის სისტემის სამუშაოდ და გასაძლიერებლად. მსოფლიოში მსგავსი თანხა ტყუილის ტირაჟირებაში ალბათ არავის გადაუხდია. მაგრამ მათ ვერ გათვალეს ერთი რაღაც - იქ, სადაც სიცრუის გზა მიდის, რაც შეიძლება ბევრი ფული დახარჯო, არასდროს იქნება შედეგები გარანტირებული.
სიმართლის გზა ყოველთვის გამართლებულია და ის ამ ჭეშმარიტებას ყოველთვის პოულობს. მთავარია, შენ სიმართლის მოყვარული იყო.
მომავალ კვირასაც ჩვენი მუშაობის გრაფიკი არ იცვლება, მომდევნო კვირას ჩვენ განვაახლებთ სისტემატიურ მუშაობას უკრაინის ინტერესების დასაცავად და იმ შედეგების მისაღწევად, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარია.
ვესაუბრე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიპ ერდოღანს. განვიხილეთ ნატოს სამიტის შედეგები და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებსაც შეუძლია უკრაინა თავის ტერიტორიაზე მშვიდობის დამყარებასთან დააახლოოს და წერტილი დაუსვას რუსეთის უკანონო შემოჭრას ჩვენს ტერიტორიაზე.
გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, რომ მთავრობამ პენსიონერებისთვის პენსიის გადახდა დაიწყო. უკვე ხვალიდან, ეს თანხა ჩვენს მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებზე დაერიცხებათ. ახლა ჩვენი ქვეყნისთვის მთავარი პრიორიტეტი ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაა და ეს აუცილებლად მოხდება.
ასევე, სიახლე გვაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო სამსახურები დაკარგეს. მათთვის დამატებითი სამუშაოების შესაქმნელად საწარმოებსა და სხვადასხვა ქარხნებში უკვე 20 მილიარდი გრივნა გადაირიცხა.
მესამე პროგრამა კი იმ ადამიანებს შეეხება, რომლებმაც საომარი მოქმედებების გამო საცხოვრებელი დატოვეს და დროებით გადასვლა სხვა ქალაქებში მოუწიათ. ადგილობრივმა ადმინისტრაციებმა მიიღეს ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ გამოიყოს მიწები, სადაც დროებით საცხოვრებლები აშენდება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს დროებითი საცხოვრებლები იქნება! როგორც კი უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს, ჩვენი ქალაქების მასშტაბური აღმშენებლობას დავიწყებთ და საკუთარ ქალაქსა და სახლში დაბრუნების შესაძლებლობა თითოეულ მოქალაქეს ექნება. ახლა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სახლი და უკეთესია ეს უკრაინაში იყოს და არა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.
ამ პროგრამების დეტალურ შინაარსს უახლოეს მომავალში უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი თითოეულ მოქალაქეს გააცნობს.
კიდევ რამდენიმე სიტყვა იმ ადამიანებზე, რომლებიც მიმდინარე პროცესების დროს მხოლოდ ჭეშმარიტ და მართალ ინფორმაციას ავრცელებს. ესენი არიან ჩვენი ჟურნალისტები - ყველა, ვინც სხვადასხვა ტელევიზიებსა და მედიასაშუალებაში მუშაობს. დიდი მადლობა თქვენ. თქვენს გარეშე ეს შეუძლებელი იქნება, ეს ეხება ჟურნალისტებს, პროდიუსერებს, ოპერატორებს, მემონტაჟეებს, რედაქტორებს და ყველას, ვინც ტელევიზიაში მუშაობს. ყველა ადამიანი, ვინც გაერთიანდა და 24/7-ზე ჩვენს უკრაინელებს ჭეშმარიტ და მართალ ინფორმაციას დეტალურად აწვდის. მადლობა თქვენ, ყოველი უკრაინელის სახელით დიდ მადლობას გიხდით.
დიდება თქვენ, დიდება თითოეულ გმირს, დიდება უკრაინას!, - აცხადებს ზელენსკი.