კრემლმა დაადასტურა, რომ რუსი ოლიგარქი და საფეხბურთო კლუბ ჩელსის დამფუძნებელი, რომან აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. CNN-ის ცნობით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აბრამოვიჩი მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე იყო ჩართული.
"[აბრამოვიჩმა] მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებებში საწყის ეტაპზე, ეს სიმართლეა. ახლა მოლაპარაკებები ორ მომლაპარაკებელ ჯგუფს - რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს",-თქვა პესკოვმა.
ჟურნალისტებმა პესკოვს კითხვა მას შემდეგ დაუსვეს, რაც The Wall Street Journal-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს პრეზიდენტს სთხოვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობის გამო, აბრამოვიჩისთვის დროებით, სანქციები არ დაეწესებინა.
ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა როლს ასრულებდა აბრამოვიჩი მოლაპარაკებებში.